შესაბამისი ცვლილება ციხის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსში დღეს შევიდა.
“საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №183 ბრძანებით (სსმ, 172, 31/12/2010 მუხ. 2509) დამტკიცებული ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
“8. მოსამსახურეს ეკრძალება სამორინეში სათამაშოდ შესვლა,” _ ნათქვამია მინისტრის ბრძანებაში.
სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის უფროს ირაკლი კორძაის განმარტებით, სამორინეში თამაში საჯარო მოხელეს და მით უმეტეს ძალოვანი უწყების წარმომადგენელს არ ეკადრება: “სამორინეში თამაში არ შეესაბამება ეთიკის ნორმებს. სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომელი, გარდა იმისა, რომ საჯარო მოხელეა, ის ძალოვანი უწყების თანამშრომელიცაა. ასე რომ, მის სიარული სამორინეში ეთიკის კოდექსში არ ჯდება.”
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი 2010 წელს ხათუნა კალმახელიძის მინისტრობის დროს დამტკიცდა.
აღნიშნული კოდექსით, ციხის თანამშრომლებს პატიმართა ცემა-წამებისაგან თავის შეკავების გარდა, ალკოჰოლური ან სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა და სხვა ანაზღაურებად სამსახურში საქმიანობა ეკრძალებოდათ.