როდესაც შვეიცარიული საათების ცნობილ საწარმოს ქართული დროშის სიმბოლიკიანი საათები შეუკვეთა.
მსგავსი ტენდენცია მან შინაგან საქმეთა სამინისტროშიც გააგრძელა და 2012 წლის აგვისტოში 31-ე ქარხანას მოოქროვილი და მოვერცხლილი საათების დამზადება დაუკვეთა. ბაჩო ახალაიას საათების მიღება არ დასცალდა.
2012 წლის 26 დეკემბერს შპს “თბილავიამშენმა” ღარიბაშვილის უწყებას 146 ცალი 740-ლარიანი მოოქროვილი და 145 ცალი 680-ლარიანი მოვერცხლილი სასაჩუქრე მაჯის საათი გადასცა. საათების საერთო ღირებულებამ 206.6 ათასი ლარი შეადგინა.
“მოწოდება განხორციელდა ჯერ კიდევ 14 აგვისტოს გაფორმებული N731 ხელშეკრულების საფუძველზე, თუმცა არ არის წარმოდგენილი აღნიშნული შესყიდვის აუცილებლობის გამამართლებელი არანაირი არგუმენტი. კერძოდ, ეს შესყიდვა დაგეგმილი არ ყოფილა და მხოლოდ 13 აგვისტოს იქნა შეტანილი აღნიშნული ცვლილება შესყიდვების გეგმაში. აგრეთვე, არ არის წარმოდგენილი შესაბამისი ბრძანება, ან მოთხოვნა, ამიტომ ვერ დგინდება, თუ რა მიზნით იქნა შესყიდული ასეთი დიდი ოდენობის საკმაოდ ძვირადღირებული საათები, მით უმეტეს, რომ 2013 წლის 1 აპრილის მდგომარეობით 291-დან 279 ცალი (96%) ისევ საწყობში ირიცხება ნაშთად, რაც საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიურ ხარჯვაზე მიუთითებს,” _ ნათქვამია ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში.
“გურია ნიუსი” დაინტერესდა, რა ბედი ეწია ძვირადღირებულ საათებს, რადგან აპრილში შს სამინისტროს შესამოწმებლად მისულ აუდიტორებს საათები ისევ საწყობში დახვდათ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა გვითხრა, საათები უკვე დაურიგეს ყველაზე წარმატებულ პოლიციელებს: “საათები, რომლებიც ჩვენ დეკემბერში გადმოგვეცა არ არის ნამდვილი ოქროსი და ვერცხლის, ესენია ეწ როდირებული საათები, რომლებიც უკვე გადავეცით პოლიციელებს წარმატებული და გამორჩეული მუშაობისთვის .”
თავდაცვის მინისტრობის დროს ბაჩო ახალაიმ საათები კადეტთა კორპუსის წარჩინებული მსმენელებისათვის შეიძინა, თუმცა, როგორც თვითმხილველები ამბობენ, ქართული დროშისიმბოლიკიანი შვეიცარიული საათი თვით მინისტრის მამასაც კი ეკეთა ხელზე.
”საათები თავიდან კადეტთა კორპუსის წარჩინებული მსმენელებისთვის იყო გათვალისწინებული. გადაწყვეტილი იყო, ფასიანი საჩუქარი მათთვის დიპლომთან ერთად გადაეცათ, თუმცა, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს საათები კადეტების გარდა ხელზე ყველას ეკეთა, მათ შორის, საათი მინისტრის მამას როლანდ ახალაიასაც შეხვდა .საათის ფასი 350 დოლარიდან იწყებოდა და ხარისხის და ფერის მიხედვით სამ კატეგორიად იყოფოდა _ შავი ფერი ყველაზე მაღალი კლასის იყო და მინისტრის უახლოეს გარემოცვას ერგო, შემდეგ იყო მწვანე ანუ მეორე კატეგორია და ბოლოს კრემისფერი, რომლებიც სამინიტროში ახალაიასთან დაახლოებულ საშუალო რგოლის ხელმძღვანელებს დაურიგდა,” _ ამბობს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი “გურია ნიუსთან”.
ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში კიდევ ერთი ძვირადღირებული მაჯის საათი მოხვდა.
2012 წლის 10 მაისს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა შს სამინისტროს სასაჩუქრედ “ერთი ცალი საათის” გამოყოფის შესახებ თხოვნით მიმართა. თანხმობის მიღებამდე 6 დღით ადრე, ანუ 4 მაისს, შპს “ჟენევალუქსთან” ერთი ცალი, 14,256.0
ლარის ღირებულების სასაჩუქრე მაჯის საათის შესყიდვაზე ხელშეკრულება გაფორმდა. მინისტრის ბრძანებით, საათი თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ტექმენს გადასცეს.