ამის შესახებ დავითაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება “უმრავლესობასთან სისტემატური უთანხმოების გამო” მიიღო. დავითაშვილმა ხელისუფლების უნიათო კურსზეც ისაუბრა და არ გამორიცხა, რომ მალე, შესაძლოა, ვანო მერაბიშვილიც გაათავისუფლონ:
_ “უპირველესად, მინდა ჩემი პოზიცია დავაფიქსირო სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, რომელზეც გამამართლებელი განაჩენი იქნა გამოტანილი ახალაიას და მისი თანამზრახველების მიმართ. ხელისუფლების მხრიდან უკვე გაკეთდა კომენტარები, რომელთა სულისკვეთება ის იყო, რომ ესაა სასამართლოს დამოუკიდებლობის დადასტურება და დემოკრატიის ზეიმი, რომ ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ. მე განსხვავებული მოსაზრება მაქვს. ახალაიას გამართლების დემოკრატიის გამარჯვებად გამოცხადება, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ეს არაა დემოკრატიის ზეიმი. ეს არ არის ჩვენი მთავარი დაპირება, რომელიც შევასრულეთ. საქართველოში სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. მე ვთვლი, რომ ეს გადაწყვეტილება არის დაცინვა იმ ხალხის, ვინც დღემდე ელის სამართლიანობის აღდგენას. ესაა პირდაპირი შედეგი ხელისუფლების უნიათო კურსისა კოჰაბიტაციაზე და “საერთო სასამართლოების შესახებ კანონში” გაკეთებული გაუმართლებელი დათმობები გაუმართლებელი რეჟიმის მიმართ. ვწუხვარ, მაგრამ არ შემიძლია თავი შევიკავო აუცილებელი კომენტარებისგან და შესაბამისი გადაწყვეტილებისგან, კერძოდ, ვინაიდან ჩვენს შორის ვხედავ სისტემატურ უთანხმოებას, ვტოვებ საპარლამენტო უმრავლესობას და ამ უთანხმოების გადაწყვეტას ვანდობ ქართველ ხალხს უახლოეს საპრეზიდენტო არჩევნებზე, სადაც ვგეგმავ თქვენს მიერ გატარებული კურსისგან დიამეტრალურად განსხვავებული პროგრამით გამოსვლას”, _ განაცხადა დავითაშვილმა.