აღსანიშნავია, რომ მინისტრის ვიზიტის შესახებ მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე შარაშენიძემ არაფერი იცოდა, საქმის კურსში არ იყო არც გამგეობის პრესსამსახური: _ არაფერი ვიცი ამის შესახებ, _ განაცხადა ნინო სალუქვაძემ “გურია ნიუსთან“. რამდენიმე წუთში კი, გამგეობის პრესსამსახური თავად დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ კალაძე სოფელ გურიანთაში იმყოფებოდა: _ ახლა გავიგეთ და გავდივართ, _ გვითხრა ქალბატონმა ნინომ.
გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა კოტე შარაშენიძემ ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთი კომენტარი გააკეთა:
_ უხვი ნალექის გამო, მდინარეები გადმოვიდა კალაპოტიდან. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ მერიაში დააზიანა ცენტრალური გაზსადენი მილი და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, შესაბამის სამსახურებთან ერთად, ვითარების შესწავლის მიზნით, დილიდანვე ჩამობრძანდა, სიტუაციას გაეცნო და სასწრაფოდ გასცა ბრძანება, აღდგენილიყო ეს მილი. ამ დროისთვის ოზურგეთს გაზი მიეწოდება ალტერნატიული გაზსადენის მილით. ჩემი ინფორმაციით, ბატონი კახი ახლა წაბრძანდა ქუთაისში, სადაც არის შეხვედრა და განიხილავენ საკითხს ამ მილის შესახებ.
_ ბატონო კოტე, თქვენ “გურია ნიუსს” განუცხადეთ, რომ ენერგეტიკის მინისტრის ოზურგეთში ვიზიტის შესახებ არაფერი იცოდით.
_ ეს მოხდა ფორსმაჟორულ სიტუაციაში. წინასწარ არ ვიცოდით, როცა ჩამოვიდა, მაშინ გავიგე, _ გვითხრა შარაშენიძემ.