საფინანსო სამსახურის გამგეობაში შესვლას ყოფილი გამგებლის მოადგილე, შემდეგ უკვე გამგებლის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი და ამჟამად “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია კახა ასკურავა აფასებს და ამბობს, რომ, მისი აზრით, სერიოზული დარღვევები არც ერთ სამსახურს არ უნდა აღმოაჩნდეს, თუმცა, ამ დროს აუდიტის გამგეობაში შესვლა გარკვეულ კითხვას ბადებს:
“თავად პრემიერმინისტრისგან იყო მიცემული პირობა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი სტრუქტურები აქტიურობისგან თავს შეიკავებდნენ. თუმცა, როგორც ბევრი სხვა პირობა, ესეც არ შესრულდა.
მიუხედავად ამისა, არ გვინდა რაიმე ტიპის მკაცრი პოლიტიკური შეფასება მივცეთ ამ ფაქტს, რადგან, ეს, შესაძლოა, აღქმული იყოს როგორც პასუხისმგებლობიდან თავის არიდება. მით უმეტეს, მოქმედი ხელისუფლება მსგავსი პიარის აგორების სპეციალისტია და იტყვის _ აი, ხომ ხედავთ მალავენ დანაშაულს!
ვფიქრობთ, რომ აუდიტის გამგეობაში შესვლის დრო არასწორადაა შერჩეული და გარკვეულ კითხვებს ბადებს, თუმცა, ჩვენ ამ თემით აპელირებას არ ვაპირებთ
ჩემი აზრით, რაიმე ტიპის არსებითი დარღვევა არ უნდა აღმოჩნდეს, თუმცა გააჩნია განწყობასა და შემოსვლის მოტივს.
მე არ შემიძლია წინასწარი დასკვნები გავაკეთო, თუ რა სახის დარღვევები შეიძლება იქნას აღმოჩენილი. ტექნიკური ტიპის დარღვევებს ნებისმიერ საჯარო სამსახურში აღმოაჩენ, მთავარია, რაიმე განსაკუთრებული ტიპის დარღვევა და ზარალი არ იყოს,” _ გვითხრა ასკურავამ.