როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი დავით შავლიაშვილი ამბობს, ქუთაისის შემოვლით გზაზე დაგეგმილი იყო 17 კილომეტრის მშენებლობა, თუმცა, მას დაემატა კიდევ 14 კილომეტრი, იმიტომ, რომ მოძრაობის კოპიტნარის აეროპორტთან გადართვა მოხდეს: “ცუდმა ამინდებმა შეგვიშალა ხელი. მიუხედავად ამისა, ქუთაისის შემოვლითი გზა წლის ბოლოს უნდა დავასრულოთ. ქალაქს აერიდება ტრაილერების მოძრაობა და გადავა შემოვლითი გზით”.
ქუთაისის შემოვლითი გზის მნიშვნელობაზე საუბრობს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულიაც: “რაც აქამდე გზა გახსნილა, ამხელა ეკონომიკური ეფექტი არ ექნება არცერთს. წარმოიდგინეთ, ქუთაისი რამხელა ქალაქია, რამდენი შუქნიშანია, ქალაქში გადაადგილება პრობლემაა. ისევე როგორც ქობულეთის შემოვლითი გზა, რომელიც აბსოლუტურად განტვირთავს ქალაქს”.
ცნობილია, რომ აღნიშნული გზის მონაკვეთებზე სამშენებლო სამუშაოები წინა ხელისუფლების დროს დაიწყო: “ამას ჩვენ არ უარვყოფთ. ქობულეთის გზაზე, სადაც 31 კილომეტრი გვინდა გავხსნათ, მხოლოდ 3 კილომეტრი იყო გაკეთებული. წინა ხელისუფლების პრობლემა რა იყო, გზის მშენებლობა დაწყებულიც არ ჰქონდათ, 3-ჯერ რომ ხსნიდნენ. ის, რომ მათ დროს დაიწყო გზების მშენებლობა, ეს არაფერს არ ნიშნავს. იმიტომ რომ, რეალურად, სამუშაოების 5%-იც არ ჰქონდათ შესრულებული”, _აცხადებს შოთა მურღულია.