პროექტში, რომლის მიზანს ახალგაზრდების გარემოსდაცვითი და სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება წარმოადგენდა, თავისუფალი უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის 600-ზე მეტი სტუდენტი იყო ჩართული.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს, თავისუფალ უნივერსიტეტსა და აგრარულ უნივერსიტეტს შორის არსებული სამოქმედო გეგმის საფუძველზე სტუდენტებმა თუშეთის, ბორჯომ-ხარაგაულის, მტირალას, კინტრიშის, ლაგოდეხისა და იმერეთის დაცულ ტერიტორიებზე სხვადასხვა გარემოსდაცვით საქმიანობებში მიიღეს მონაწილეობა.
მოხალისეებმა შეაკეთეს წყალმომარაგების სისტემა თუშეთის ეროვნულ პარკში, დაასუფთავეს პარკები, შეასრულეს არსებული ტურისტული ბილიკებისა და ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები, განახორციელეს ბილიკების მარკირება, მოაწყვეს საკარვე და საპიკნიკე ადგილები.
სტუდენტები, ასევე, აქტიურ დახმარებას უწევდნენ დაცული ტერიტორიების სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობას ტურისტული სერვისების განვითარების, ვიზიტორთა მომსახურებისა და საოჯახო სასტუმროების ფუნქციონირების ხელშეწყობის სფეროში.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებით, მსგავსი სახის ღონისძიებები ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, გაიღრმავონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით, ასევე აქტიურად ჩაერთონ დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებში და აიმაღლონ გარემოსდაცვითი ცნობიერება.
სტუდენტური პროექტი 8 ივლისს დაიწყო. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ის ერთჯერად ხასიათის არ ატარებს და მისი განხორციელება მომავალშიც იგეგმება.