“მივესალმები ამ ცვლილებებს, რადგან კარგი ცვლილებები შევიდა საკანონმდებლო ბაზაში. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილებები რეალურად განხორციელებული იყოს. ჩვენ ვხედავთ, რომ ჯერჯერობით მაინც ადგილი აქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ხელისუფლების მხრიდან. სახელისუფლებო კანდიდატი, მიუხედავად იმისა, რომ იგი აღარ არის თანამდებობაზე, მონაწილეობს ოფიციალურ ღონისძიებებში და კიდევ ბევრი სხვა მაგალითი გვაქვს, რომლის დეტალურ განხილვასაც არ დავიწყებ. ერთიც არის, რომ თანაბარ პირობებზე ჩვენ ნამდვილად ვერ ვისაუბრებთ, რადგან სამწუხაროდ პარლამენტმა არ გაითვალისწინა ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ და პირადად მე მომცემდა უფასო სატელევიზიო დროის გამოყენების შესაძლებლობას. ძალიან მარტივია, როდესაც სახელისუფლებო კანდიდატს და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს ექნება თავისუფალი საეთერო დრო, ხოლო ჩვენ საეთერო დროის ყოველ წუთში გადავიხადოთ კოლოსალური თანხა, ეს უბრალოდ შეუძლებელია, რადგან ასეთი ფინანსები არ გვაქვს.
ბუნებრივია ჩვენ, მარტო ამ მიზეზით ვერ ვიქნებით თანაბარ პირობებში. შემიძლია კიდევ ბევრი სხვა მაგალითი ჩამოგითვალოთ, თუნდაც ის, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია დაკომპლექტებულია მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებით. კოორდინატორები და დამკვირვებლები დაფინანსდებიან ბიუჯეტიდან მხოლოდ ამ ორი პარტიის მიერ, რაც უკვე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ გაცილებით რთულ მდგომარეობაში, ვიდრე ნაციონალების და ოცნების კანდიდატი, თუმცა ამისდა მიუხედავად, ჩვენ მაინც მოვიგებთ!”