კოდექსის 27-ე მუხლის თანახმად, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა ხდება საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, ცესკოს პარტიული წევრების მიერ (გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა).
ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 30 დღისა, ხოლო უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში – შეწყვეტიდან არა უგვიანეს 15 დღისა საქართველოს პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარადგენს 3 კანდიდატურას.
ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას კანდიდატურების წარდგენიდან 5 დღის ვადაში იღებენ ცესკოში პარტიების მიერ დანიშნული წევრები (გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა). სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს ამ პუნქტით განსაზღვრულ წევრთაგან უხუცესი წევრი. ცესკოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით კენჭისყრა ფარულია. კენჭისყრაში მონაწილე თითო წევრს აქვს ერთი ხმა. სამივე კანდიდატს ერთდროულად ეყრება კენჭი. ცესკოს თავმჯდომარე არჩეულად ჩაითვლება, თუ რომელიმე კანდიდატმა მიიღო 4 ან 4-ზე მეტი ხმა.
თუ განსაზღვრულ ვადაში ცესკოს თავმჯდომარე ვერ იქნა არჩეული, წარდგენილი 3 კანდიდატურიდან საქართველოს პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, იმავე კანდიდატურებისგან, 7 დღის ვადაში ირჩევს ცესკოს თავმჯდომარეს.
ცესკოს მიერ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ განკარგულება 7 დღის ვადაში ეგზავნება საქართველოს პარლამენტს, ხოლო ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება 7 დღის ვადაში წარედგინება ცესკოს.