პრესსამსახურის უფროსის ხათუნა მიქაცაძის განცხადებით, ჭიდაობის ფედერაცია შეძრულია იმით, რომ სპორტსმენის რელიგიური ნიშნით დევნაში დაადანაშაულეს.
“აბსოლუტურად უსაფუძვლოა განცხადება, თითქოს ფირუზ წულუკიძე უშიშროების სამსახურმა რელიგიური ნიშნით დაბლოკა და ჩემპიონატზე არ გაუშვა. მოჭიდავე, რომელმაც წულუკიძე ჩაანაცვლა და კიდევ ბერძნულ-რომაული ახალგაზრდული ნაკრების სამი წევრი, არის იგივე რელიგიური აღმსარებლობის. ყველანაირ მორალურ საზღვარს სცილდება, როცა ვიღაც ცდილობს რელიგიური თემით მანიპულირებას იმ დროს, როდესაც ისედაც დაძაბულია ამ მხრივ ვითარება. ვინმე თემურ ბახუნდარიძე თქვენს სტატიაში აცხადებს, რომ წულუკიძეს რელიგიური ნიშნით დევნიან. ეს რომ ასე იყოს, მაშინ მას არ ჩავანაცვლებდით მუსულმანური აღმსარებლობის სპორტსმენით _ შმაგი ბოლქვაძე, რომელიც არის მისი თანსოფლელი და მეზობელი, ასევე მუსულმანია. მუსულმანები არიან ნიკა ცეცხლაძე, ირაკლი შავაძე, ახალგაზრდული ნაკრების სულ ოთხი წევრი.”
ხათუნა მიქაცაძე ამბობს, რომ ფირუზ წულუკიძე ტრავმირებულია და სწორედ ამის გამო გადაწყდა სათადარიგო სპორტსმენით მისი ჩანაცვლება.
“კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ სპორტსმენის ჩანაცვლება მოხდა ტრავმის გამო. თუ ბახუნდარიძე ამბობს, რომ წულუკიძე აეროპორტიდან მოაბრუნეს უკანო, გარწმუნებთ, ეს არის აბსურდული ბრალდება. როგორ წარმოგიდგენიათ, აეროპორტში საიდან მივიყვანდით სათადარიგო სპორტსმენს ან როგორ გავაფრენდით შმაგი ბოლქვაძეს ფირუზ წულუკიძის ბილეთით?”
“გურია ნიუსი” კიდევ ერთხელ დაუკავშირდა თემურ ბახუნდარიძეს, რომელიც ამბობს, რომ ჭიდაობის ფედერაცია სიმართლეს არ ამბობს, როდესაც სპორტსმენის ტურნირიდან გამოთიშვას ტრავმირებით ხსნის.
“ტყუილია ეგ. ჩამოვიყვან ფირუზს თბილისში და ჩავუტაროთ სამედიცინო შემოწმება _ არანაირი ტრავმა არ აქვს ამ ბავშვს. თუ რამე სტკივა, მაშინ პასუხს ვაგებ იმისთვის, რომ ტყუილად შევიყვანე ამდენი ხალხი შეცდომაში, თუ არა და მაშინ მათ აგონ პასუხი. ის ბიჭები, რომლებზეც ფედერაცია საუბრობს, კი არიან მუსულმანები, მაგრამ არ იცავენ ისლამის წესებს, არ ატარებენ წვერს, არ აღასრულებენ ლოცვას. აქედან გამომდინარე, ისინი მათთვის მისაღები არიან. ლუკა კურტანიძეს, როდესაც განდევნილი იყო მოჭიდავეებიდან, მარტო ჩვენ ვესალმებოდით, იმიტომ რომ ჩვენ ღმერთის გარდა არავისი გვეშინია, მაგრამ ახლა ზევიდან რომ დაურეკეს, გამოგვიყვანე ამ სიტუაციიდანო, აეწვა გვერდები. არა უშავს, _ ღმერთი სიმართლეს ხედავს,” _ ამბობს თემურ ბახუნდარიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია, თემურ ბახუნდარიძემ სამინისტროს თანამშრომელი თემურ კვანტალიანი მუქარასა და რელიგიური ნიშნით დევნაში დაადანაშაულა.