“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“აღმასრულებელ დირექტორს, ეკა გიგაურს:
“ა.წ. 12 აგვისტოს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით: “საკადრო პოლიტიკა საჯარო სამსახურში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პერიოდში“. ანგარიში მოიცავს 2012 წლის 20 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 მარტამდე საჯარო დაწესებულებებიდან გათავისუფლებულ და ამავე დაწესებულებებში დანიშნულ მოხელეთა რაოდენობის, გათავისუფლების მიზეზების, აგრეთვე, ატესტაციისა და კონკურსების ჩატარების შესახებ ინფორმაციას.
სამწუხაროდ, ანგარიშში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესახებ მოყვანილი მონაცემები არაზუსტია, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრომ აღნიშნული ინფორმაცია მოგაწოდათ. კერძოდ:
- 1. ანგარიშში თავდაპირველად წერია, რომ სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო დაწესებულებიდან – მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ჯამში გათავისუფლდა 43 თანამშრომელი (გვ. 15), ხოლო შემდეგ დაკონკრეტებულია, რომ “სამინისტროს ცენტრალური აპარატიდან 115 თანამშრომელი გათავისუფლდა“ (გვ. 16).
ჩვენს მიერ გამოგზავნილ პასუხში (N1588/გ) მკაფიოდ წერია, რომ მოცემულ პერიოდში სამინისტროში შტატით გათვალისწინებულ ადგილზე დასაქმებული იყო 109 თანამშრომელი და 6 შტატგარეშე მოსამსახურე. ანუ ჯამში 115 თანამშრომელი. 2012 წლის 20 ოქტომბრიდან წერილის მიღების მომენტამდე სამინისტროდან გათავისუფლებული იყო 10 თანამშრომელი, საიდანაც 8 პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა. თქვენს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები არასწორია და ამასთან, კვლევის შედეგად გამოდის, რომ სამინისტროს აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლებულა.
- 1. ანგარიშში მითითებული გაქვთ: სამინისტრომ „კონკურსის ჩატარების ან არჩატარების შესახებ ინფორმაცია არ მოგვაწოდა“.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 11 აპრილის N1588/გ წერილში მკაფიოდ წერია, რომ
- წერილის მიღების მომენტამდე სამინისტროში არ ჩატარებულა ატესტაცია;
- წერილის მიღების მომენტამდე სამინისტროში კონკურსი არ გამოცხადებულა.
ამასთან, თქვენი წერილით არ ითხოვდით თანამშრომელთა სტატუსს, ამიტომაც არ მიგვითითებია, რომ ყველა მათგანი, მათ შორის, ახლად დანიშნული 33 თანამშრომელი, კონკურსის ჩატარებამდე, დანიშნული იყო, როგორც მოვალეობის შემსრულებელი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ კვლევაში დაშვებული ხარვეზები და მონაცემები დააკორექტიროთ ჩვენი 2013 წლის 11 აპრილის N1588/გ წერილის მიხედვით.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დიდად აფასებს თქვენს ძალისხმევას დემოკრატიული და სამართლიანი პრინციპების დამკვიდრების საქმეში და კვლავაც მზად არის, აქტიურად ითანამშრომლოს თქვენს ორგანიზაციასთან.”
წერილს ხელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაგდა პოლიაშვილი აწერს.