შეხვედრაზე ისაუბრეს, თუ როგორ ნაწილდება ქვეყანაში რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდი და რა განსხვავებაა ახალ და წინა ხელისუფლების მიერ ფონდების განაწილებას შორის.
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას განცხადებით, წინა ხელისუფლების პირობებში, ხშირ შემთხვევაში, პროგრამების გამოყოფა წინასაარჩევნოდ ხდებოდა. მისი სამინისტრო ემიჯნება არჩევნებს და საარჩევნო კანონმდებლობის სრული დაცვით, არჩევნებამდე 2 თვით ადრე, წყვეტს ყველა იმ ახალი პროგრამის გახორციელებას, რომელიც შესაძლოა, იყოს ინიცირებული ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის “რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან”.
“ყველა იმ ძირითად პროექტსა და პროგრამაზე, რომელთა განხორციელებასაც ვფიქრობთ “რეგიონებში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან”, მუშაობა ჯერ კიდევ წლის დასაწყისში დავიწყეთ, ადგილობრივ თვითმმართველობებს გამოეყო შესაბამისი დაფინანსებები პროექტებისთვის. მათ წარმოადგინეს პროექტები, რომელიც მოწონებულ იქნა რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიაზე და შესაბამისად, ადგილობრივ თვითმმართველობებს გადაერიცხათ დაფინანსებები. ჩვენს სამინისტროში გუშინ ჩატარდა რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის ბოლო სხდომა, სადაც დამტკიცდა ბოლო პროექტები და პროგრამები, რომლებიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იყო წარმოდგენილი ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ. მათ გამოეყოთ შესაბამისი დაფინანსებები, რომ 27 აგვისტომდე ბიუჯეტში ასახონ ყველა ის ცვლილება, ვინაიდან შემდეგ ორთვიანი წინასაარჩევნო პერიოდი იწყება”, _ განაცხადა დავით ნარმანიამ.