რამდენიმე დღის წინ, ის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ბულგარეთში მიემგზავრებოდა, როდესაც თბილისის აეროპორტში გააჩერეს და უთხრეს, რომ გუნდთან ერთად ვერ წავიდოდა. წულუკიძე მუსულმანია და ფიქრობს, რომ მას რელიგიური ნიშნით დევნიან.
“მივდიოდით შეჯიბრებაზე, იქამდე “სბორები” გავიარეთ. აეროპორტში რომ მივედით, ჩვეულებრივად ჩანთა ჩავაბარე და ჩასხდომამდე ცოტა ხნით ადრე, როდესაც პასპორტი მივაწოდე, მითხრეს, რომ წითელ ზოლში ვარ და შეჯიბრებაზე ვერ წავიდოდი. მწვრთნელებმა მაშინვე ლუკა კურტანიძეს დაურეკეს. ბოლოს, ბილეთი გადავცვალეთ იმ იმედით, რომ რომ თუ პრობლემა მოგვარდებოდა, მეორე დღეს გავფრინდებოდი. მართლაც, მეორე დღეს დავურეკე კურტანიძეს, რომელმაც მითხრა, შანსი არაა, ვერ წახვალ, პრობლემა გაქვსო. რა პრობლემა მქონდა, მაგას არავინ მეუბნებოდა. არც დღეს ვიცი, რა გახდა ნაკრებიდან ჩემი გამოთიშვის მიზეზი. კურტანიძემ კი მითხრა, ერთ კვირაში დამირეკე, დაგეხმარები, რომ წითელი ზოლიდან ამოგშალონო, მაგრამ არ დამირეკავს. “გურია ნიუსთან” ისეთი განცხადება გააკეთა ჭიდაობის ფედერაციამ, რომ აზრი არ ჰქონდა. მოკლედ ჩემი წაუსვლელობა ტრავმას დააბრალეს,”_ ამბობს ფირუზ წულუკიძე “გურია ნიუსთან”.
სპორტსმენის თქმით, პრობლემები მას არა ტრავმის, არამედ წვერის გამო შეექმნა. მისი თქმით, მწვრთნელებმა წვერის გაპარსვა რამდენჯერმე სთხოვეს, რადგან, მათი თქმით, ამას ჭიდაობის ფედერაცია ითხოვდა კატეგორიულად: “ჩემთან აქვთ პრობლემა წვერთან დაკავშირებით. ოღონდ გავეშვი ჩემპიონატზე და წვერიც კი დავიდაბლე, მაგრამ არა, არ არის ეს საკმარისი, უნდა მოიპარსოო. მწვრთნელებმა მთხოვეს წვერის გაპარსვა, ჭიდაობის ფედერაციიდან გვაწუხებენ, გვთხოვენო. მოკლედ, ამ წვერის გამო არსად აღარ მიშვებენ და რა უნდა ვქნა, არ ვიცი. საზღვარგარეთ შეჯიბრებაზე თუ ვერ წავედი, მარტო საქართველოში ჭიდაობას რა აზრი აქვს? ვაჰაბისტებთან და ტერორისტებთან კავშირში თუ მდებენ ბრალს, დამიჭრონ, ეს შეჯიბრებაზე არგაშვება რაღაა ვითომ?!”_ ამბობს წულუკიძე. მისივე თქმით, არაერთი მოჭიდავე ასპარეზობს წვერით, თვითონაც წვერით იჭიდავა ევროპის ჩემპიონატზე. დღეს კი რატომღაც პრობლემები შეექმნა.
ჭიდაობის ფედერაცია სპორტსმენის რელიგიური ნიშნით დევნას უარყოფს. მათი თქმით, წულუკიძე ტრავმის გამო ჩაანაცვლეს სათადარიგო სპორტსმენით, რომელიც ასევე მუსულმანია: “აბსოლუტურად უსაფუძვლოა განცხადება, თითქოს ფირუზ წულუკიძე უშიშროების სამსახურმა რელიგიური ნიშნით დაბლოკა და ჩემპიონატზე არ გაუშვა. მოჭიდავე, რომელმაც წულუკიძე ჩაანაცვლა და კიდევ ბერძნულ-რომაული ახალგაზრდული ნაკრების სამი წევრი, არის იგივე რელიგიური აღმსარებლობის. ყველანაირ მორალურ საზღვარს სცილდება, როცა ვიღაც ცდილობს რელიგიური თემით მანიპულირებას იმ დროს, როდესაც ისედაც დაძაბულია ამ მხრივ ვითარება,” _ გვითხრეს ფედერაციის პრესცენტრში.
“გურია ნიუსი” ერთი კვირის განმავლობაში ამაოდ ცდილობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალების გარკვევას. პრესსამსახური ჩვენს კითხვას, კონკრეტულად რა დანაშაულში იმხილება ფირუზ წულუკიძე, არ პასუხობდა.
დღეს წულუკიძემ პრესკონფერენცია ჩაატარა და სამინისტროს პრესსამსახურმაც კომენტარი გააკეთა.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო არ წყვეტს ოლიმპიადაზე სპორტსმენის გაშვება-არგაშვების საკითხს. ანუ არ ვადასტურებთ წულუკიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.”
_ “გურია ნიუსში კიდევ ერთი მოჭიდავე _ თემურ ბახუნდარიძე აცხადებდა, რომ ბათუმის პოლიციაში უშუალოდ თემურ კვანტალიანი დაემუქრა და აშანტაჟებდა. გადაამოწმეთ ეს ფაქტი?
_ ჩვენ საერთოდ უარვყოფთ ამ ფაქტს. სიმართლეს არ შეესაბამება და როგორც გითხარით, სპორტულ ოლიმპიადაზე გაშვების საკითხს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ წყვეტს.
ფირუზ წულუკიძის საქმით უკვე დაინტერესდა სახალხო დამცველის ოფისი და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის “ვაინახები ადამიანის უფლებებისთვის”.