აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. დღეისათვის, გადასახადის გადამხდელების მიერ ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამი 1,3 მილიარდ ლარს შეადგენს.
_ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ბიზნეს ჰქონდეს მუშაობის საშუალება და ბიზნეს-გარემო იყოს წარმატებული. მთავრობის გადაწყვეტილებაა, გააქტიუროს წინასწარ და ზედმეტად გადახდილი გადასახადების დაბრუნების პროცესი და მარტივი გადამოწმების შემდეგ, გადამხდელებს დაუბრუნდეთ ის გადასახადები, რომლებიც მათ ბიუჯეტში ზედმეტად აქვთ გადახდილი. ესაა ერთ-ერთი ნაბიჯი იმისთვის, რათა ბიზნესს არ ჰქონდეს ზედმეტი ვალდებულებები და ისინი პირნათელნი იყვნენ ბიუჯეტის წინაშე, ისე როგორც ბიუჯეტი იყოს პირნათელი ბიზნესის წინაშე, – განაცხადა ხადურმა.
როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, ზედმეტობების დაბრუნებისათვის საჭირო სახსრების არსებობის კუთხით სახელმწიფო ბიუჯეტს პრობლემა არ აქვს და ამ მიმართულებით სახელმწიფო გააგრძელებს თავისი ვალდებულებების შესრულებას არსებული პროცედურების შესაბამისად. ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აქტიურდება წინასწარ და ზედმეტად გადახდილი გადასახადების დაბრუნების პროცესი, ეს ზეგავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულებაზე.
სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია, რეინვესტირება ბიზნესში, ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესის წახალისება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის სტიმულირება, კომპანიების საბრუნავი სახსრების გაზრდა, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ხელშეწყობა ქვეყნისთვის ისეთ პრიორიტეტულ დარგებში, როგორიცაა: ენერგეტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა და სხვა.