ელიზბარაშვილმა რეკეტიორი ჩინოვნიკის ვინაობა არ დასახელა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ითხოვა, რათა საქმის დეტალები პირადად მისთვის მოეყოლა.
“გურია ნიუსი” დაინტერესდა, რა შედეგი მოყვა ბიზნესმენის განცხადებას პროკურატურის ან პრემიერის მხრიდან.
“ჩემს განცხადებას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. 27 აგვისტოს მაქვს სასამართლო, რომელსაც ამჯერად მთავარი პროკურატურის პროკურორი შალვა ცერცვაძე დაესწრება, არადა, ჩემი საქმე ქალაქის პროკურატურის ქვემდებარეა. პროკურორი ცერცვაძე ქალაქის პროკურატურაში მუშაობდა და ადრე ჩემს პროცესზე გამოდიოდა. მან სასამართლოს ყალბი დოკუმენტები წარუდგინა და მოსამართლის შეცდომაში შეყვანა სცადა. კბილაშვილმა ეს პროკურორი დააწინაურა და უკვე მთავარი პროკურატურიდან გამოუშვა ჩემს პროცესზე. რაც შეეხება პრემიერთან შეხვედრას, ეტყობა, მას იმდენი საქმე აქვს, რომ ვერ მოიცალა ჩემთვის. მერე კიდევ ვიღაც ვიღაც-ვიღაცეებს უკვირთ, ხალხი რატომ გარბის “ქართული ოცნებიდან” ბურჯანაძესთანო. როგორ ფიქრობთ, მე ხმას მარგველაშვილს მივცემ, როცა მთელი სისხლი, ხორცი ჩავდე იმისთვის რომ “ქართული ოცნება” მოსულიყო ხელისფლებაში? თუმცა, რა არის გასაკვირი _ თვითონ ბიძინა გარბის მათგან!” _ ამბობს ბიზნესმენი.
































































