სენაკის პროკურატურაში სხვადასხვა ტელევიზიისა და მედია საშუალებების ჟურნალისტები მივიდნენ. 10-კაციანმა ჯგუფმა ისე გაიარა დერეფანი, რომ ვერავინ ნახა, ხმაურის და ხმამაღალი ძახილის შემდეგ პირველი კაბინეტის კარი გაიღო, პროკურატურის თანამშრომელი გამოვიდა და კამერების დანახვაზე ოთახში მყოფებს უთხრა, ტელევიზიააო და მაშინვე უკან შებრუნდა. შემდეგ ერთი მამაკაცი გამოვიდა, რომელმაც ჟურნალისტებს უთხრა, რომ უფროსებს შეუთანხმებდა, თუ ვინ გავიდოდა მათთან სასაუბროდ და კარებისკენ მიუთითა, გარეთ დამელოდეთო. მალე ისევ გამოჩნდა და პროკურორი ჩამოიყვანა, რომელმაც ჟურნალისტებს უთხრა, რომ პროკურატურა ცარიელი არ ყოფილა.
_ მე მთელი დღე აქ ვიყავი. ასე რომ, პროკურატურა ცარიელი არ ყოფილა, _ თქვა პროკურორმა კონსტანტინე გვაძაბიამ.
_ კადრები არსებობს და თავადაც ვიყავით იმ დღეს, როცა ერთი საათის განმავლობაში არავინ გამოგვხმაურებია, _ უპასუხეს ჟურნალისტებმა.
_ ალბათ სასამართლოში ვიყავი გადასული პროცესზე. რა, არ შეიძლება? ჩემი მანქანაც აქ იდგა.
_ არც ერთ კარზე აბრა არ არის. როგორ გაიგოს აქ მოსულმა მოქალაქემ, ვისთან შევიდეს და როგორ იპოვოს მისთვის სასურველი პიროვნება?
_ აბრები თუ აუცილებელი იყო, ნამდვილად არ ვიცოდით, _ გაიღიმა პროკურორმა.
_ ნამდვილად აუცილებელია. მიდით მთავარ პროკურატურაში და ნახეთ.
_ კარგით, ბატონო, თუ ასე აუცილებელია, გავითვალისწინებთ და ორ დღეში გავაკეთებთ, _ აღნიშნა კონსტანტინე გვაძაბიამ.
_ კარგი იქნება, თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, არც ჟურნალისტები „შეგაწუხებთ“ კითხვებით და შენიშვნებით, _ უთხრეს პროკურორს ჟურნალისტებმა.
_ პირიქით, რაც უფრო მეტი შენიშვნა გექნებათ, მით უკეთესი. ვითანამშრომლოთ, _ დასძინა გვაძაბიამ და ამ სიტყვებით სცადა გაენეიტრალებინა მის გვერდით მდგარი თანამშრომლის საკმაოდ აგრესიული ქმედებები და სიტყვები, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა, ფოტოს გადაღების დროსაც საკმაო აგრესია გამოხატა.