თბილისში, 2011 წლის 14 მაისს, ღვინის ფესტივალი ჩატარდა, რომელსაც ესწრებოდნენ თბილისის მერი, პარლამენტარები, მინისტრები. აქ გურიიდან ოთხი წარმომადგენელი იყო დაშვებული საკუთარი ღვინით: ზურაბ თოფურიძე თეთრი ჩხავერით და ვარდისფერი ჩხავერით, თემურ შარაშიძე ბუკისციხიდან _ ჩხავერით, ანდრო ვაშალომიძე შემოქმედიდან _ საკმიელათი, ნოე ვაშალომიძე შემოქმედიდან _ თეთრი კამურით.
ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილე, ღვინის ამაგდარი ანდრო ვაშალომიძე ამბობს, რომ აღნიშნული ფესტივალი ემსახურება ქართული ღვინის პოპულარიზაციას და მასში ცნობილი ქართველი მეღვინეები მონაწილეობენ: _ ამ კონკურსზე ჩანს ღვინის დონე, როგორ ინტერესდებიან სხვადასხვა ოჯახის ღვინით წამყვანი კომპანიები. სულ რეგიონებიდან 40-მდე ოჯახის ღვინო იყო დაშვებული. საკმიელა არის უძველესი გურული ჯიში, რომელიც ადრე მასიურად იყო გავრცელებული მთელ გურიაში. როცა შემოვიდა უცხოური დაბალხარისხიანი ჰიბრიდები, იგი სხვა მრავალ ადგილობრივ ჯიშთან ერთად, დაიკარგა. 14 წელი ვეძებე ეს ჯიში და გადავარჩინე. საქართველოში ჯიშთა მრავალფეროვნებით, კახეთის შემდეგ, მეორე ადგილზე გურია იყო და არის. ისტორიული გურიის საზღვრების გათვალისწინებით, გურია პირველ ადგილზეა.
15 მაისს, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ინიციატივით, ოჯახური ღვინოს ფესტივალი-კონკურსი გაიმართა, რომელიც უკვე ოთხი წელია ტარდება. ფესტივალზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, დაშვებული იყო 110 ოჯახური ღვინო. ანდრო ვაშალომიძის მიერ წარმოდგენილი საკმიელა დაჯილდოვდა ოქროს მედლით, მასვე გადაეცა 1 000 ლარი პრემია.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ, აგრეთვე, დააჯილდოვა სხვადასხვა მეღვინეები სხვადასხვა ნომინაციებში. გურიდან წარმატება ორ მეღვინეს ერგო _ ნომინაციაში “საუკეთესო მარანი” ჭანიეთელმა სოსო ხინთიბიძემ გაიმარჯვა. ხოლო ნომინაციაში “საუკეთესო ზვარი” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხეში მცხოვრები თემურ შარაშიძე ბრინჯაოს მედლით დააჯილდოვეს.
გამარჯვებულებს დიპლომები და ფულადი პრემიები გადაეცათ.