ლაითურელებმა ასეთივე აქცია გასულ წელსაც მოაწყვეს, რომლის შესახებ “გურია ნიუსი” ვრცლად წერდა.
_ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაერთხელ მოვაწყვეთ აქცია მიწების უკანონო გასხვისებასთან დაკავშირებით, ვერც ერთი მთავრობისგან პასუხი ვერ მივიღეთ. თავის დროზე დაბაში არსებული ჩაის პლანტაციის ფართობების ნაწილი (940 ჰა) გერმანე თალაკვაძეს და 640 ჰა ფართობი კოკი ცეცხლაძეზე გაიცა. ასევე მოხდა დაბის კუთვნილი შენობა-ნაგებობების, ჩაის ფაბრიკების და ავტოსატრაქტორო პარკის გაყიდვა. შემდეგ ეს პლანტაციები მიატოვეს, გატყიურდა და მთავრობამ, რომელსაც ამისთვის მეიჯარეებისთვის პასუხი უნდა მოეთხოვა, მათ საკუთრებაში დაუკანონა. ადგნენ მერე და სხვა ინვესტორს მიყიდეს. ახლა გვეუბნებიან, ჩვენ ვართ პატიოსანი გამყიდველი და მყიდველიო. გამოდის, რომ ჩვენ, ხალხი ვართ უნამუსო! ვითხოვთ სამართალს, დაგვიბრუნონ ჩვენი მიწები, თორემ აქ ძალიან ცუდი ამბები მოხდება, _ ამბობენ აქციის მონაწილეები.
ლაითურელებმა ისიც განაცხადეს, რომ ბიძინა ივანიშვილს უგზავნიან წერილს და თუ მათ ყურადღებას არ მიაქცევს ხელისუფლება, ბოიკოტს გამოუცხადებენ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს. უხუცესმა ლაითურელმა დიმიტრი სარიშვილმა თქვა: “ვიცით, რომ რუსი ოკუპანტია, მაგრამ ჩვენი მიწა ქართველმა ოკუპანტებმა წაგვართვეს და ყველგან ტრაფარეტი დააყენეს, რომ შეშისთვის და უბრალო ფიჩხისთვისაც ტყისკენ არ გაიხედოთ!”
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე ამბობს, რომ სამართლებრივად ამ დავის გადაწყვეტა თითქმის შეუძლებელია: _ თუ სახელმწიფო პოლიტიკა გატარდება და სხვა მიდგომა იქნება, შეიძლება გახორციელდეს ცვლილება. ზოგადად, ეს რთული საკითხია, _ თქვა ტრაპაიძემ.
































































