და მასთან ერთად შეკრებილებს ნინო ბურჯანაძის ლანჩხუთში ვიზიტის თარიღიც გააცნო.
თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბურჯანაძის საარჩევნო შტაბს გია გურგენაძე უხელმძღვანელებდა, მაგრამ ამჯერად პრესკონფერენციაზე მან ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ შტაბს დავით ჩხაიძე ჩაუდგება სათავეში.Mმისი თქმით, ნინო ბურჯანაძე ლანჩხუთელ ამომრჩეველს 3 სექტემბერს შეხვდება.
გურგენაძემ დარბაზში შეკრებილებს, რომლებიც არც თუ ისე ცოტანი იყვნენ, სიტყვით მიმართა, კიდევ ერთხელ დაგმო ყოფილი ხელისუფლების ქმედებებები და ამჟამინდელი ხელისუფლება მათთან გარიგებაში დაადანაშაულა.
მან ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა ნაციონალური რეჟიმის დამარცხებისთვის და კოალიცია “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ შეცდომებზეც მიუთითა: “ნაციონალური მოძრაობა” და კოალიცია “ქართული ოცნების” ძირითადი წევრები ერთმანეთთან კოჰაბიტაციურ რეჟიმში აღმოჩნდნენ. ბოლოს და ბოლოს, სინდისმა და წესიერებამ უნდა გაიმარჯვოს. გპირდებით, რომ, მე როგორც რიგითი ადამიანი, რომ უსამართლობას არ შევეგუები. გამგეობიდან, ტყუილად რომ იღებენ ხელფასებს, უნდა გამოვიდნენ და თქვენისთანა განათლებული ადამიანები უნდა დასაქმდნენ. მჯერა, რომ ქალბატონი ნინო ბურჯანაძე რუსეთთან კარგ ურთიერთობას დაამყარებს და სამართლიან პოლიტიკას ნამდვილად წარმართავს.”
შემდგომ გურგენაძემ დარბაზში შეკრებილ სუსტი სქესის წარმომადგენლებს მიმართა, რომლებიც დარბაზში უმრავლესობას შეადგენდნენ და აღნიშნა, რომ “ქალებს უნდა მივანიჭოთ პრიორიტეტი, რადგან მამაცებმა არ ვივარგეთ!”
თავის მხრივ, შტაბის ხელმძღვანელი დავით ჩხაიძე მოკლე სიტყვით შემოიფარგლა და იქ მყოფთ ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
შტაბის ხელმძღვანელებს სთხოვეს, დაესახელებინათ ის პიროვნებები, რომლებიც მათ კოალიცია “ქართული ოცნებიდან” შეუერთდნენ, მაგრამ “დემოკრატიული საქართველოს” წარმომადგენლებმა ეს ინფორმაცია ამჯერადაც საიდუმლოდ დატოვეს, თუმცა, მათივე განცხადებით, მათ პარტიაში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს: “მხარდამჭერთა შორის არიან ის ადამიანებიც, რომლებიც ამჟამად ადგილობრივ სამსახურებში 200-ლარიან ხელფასს იღებენ და იმ 200 ლარის დაკარგვის ეშინიათ. ჩვენში ჯერ კიდევ არ არის დემოკრატია და თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალება, ამიტომ თავის გამოჩენისაგან თავს იკავებენ. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებსაც არ ეშინიათ _ მაგალითად, ჩემი მეუღლე ნონა, ამჟამად რაიონული საავადმყოფოს ექიმია. თუმცა თქვენ ხედავთ, რომ არ ეშინია და გვერდით მიდგას. აქ შეკრებილი ადამიანებს ჰკითხეთ რომელი არ იყო “ქართულ ოცნებაში” _ აგერ ვეტერანი ბატონი დენის ებრალიძე “ქართულ ოცნებაში” იყო, დღეს ჩვენთან არის,” _ დასძინა გურგენაძემ.
საარჩევნო შტაბის შტაბის 9 წევრი უკვე დასახელდა, თუმცა, მოსალოდნელია ეს რიცხვი თერთმეტამდე გაიზარდოს.