“სააგენტო “ინტერპრესნიუსის” და სხვა სააგენტოების კვლევებმა აბსოლუტურად სხვა შედეგი გვაჩვენა. “ინტერპრესნიუსის” კვლევების მიხედვით, ნინო ბურჯანაძეს 41% ჰქონდა. მე არც ფსიქოლოგი ვარ და არც მკვლევარი, მაგრამ ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ იდება და არ მსჯელობენ პარტიების დაკვეთით ჩატარებულ კვლევებზე. აქვე გეტყვით, რომ ჩვენც გვაქვს ჩატარებული შიდა კვლევები, მაგრამ მისი გასაჯაროება მიზანშეწონილად არ ჩაგვითვლია, რადგან ეს ყველაფერი არის შიდა მოხმარებისთვის.
კვლევა უნდა ჩაატაროს ნეიტრალურმა ორგანიზაციამ. მთავარი ისაა, რომ ეს კვლევა, ტენდენციით აბსოლუტურად განსხვავდება იმ კვლევისგან, რომელიც ჩვენ 3400 რესპონდენტზე გვაქვს ჩატარებული. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, რამდენიმე დღეში “ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბიც” აპირებს კვლევის შედეგების გამოქვეყნებას და ვნახოთ, რა მონაცემები გვექნება” _ განაცხადა ბაკურ ბაკურაძემ დავით აქუბარდიას გადაცემაში.
საკონსულტაციო ცენტრმა “ფსიქოპრო2ქტმა” კვლევა “ქართული ოცნების” დაკვეთით ჩაატარა. ამ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 53% ხმას კოალიცია “ქართული ოცნების” კანდიდატს, გიორგი მარგველაშვილს მისცემდა.
კითხვაზე, რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს მისცემს ხმას, 10% პასუხზე უარს აცხადებს, 9% “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ დავით ბაქრაძეს ასახელებს, “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერს, ნინო ბურჯანაძეს _ 7% . ასევე შვიდი პროცენტი აცხადებს, რომ ხმას არცერთ საპრეზიდენტო კანდიდატს არ მისცემს. გამოკითხულთა 4% შალვა ნათელაშვილს ასახელებს, 3% – სალომე ზურაბიშვილს, 2% – გიორგი თარგამაძეს, 1% – ნესტან კირთაძეს, კითხვაზე პასუხის გაცემა გამოკითხულთა 3%-ს უჭირს.
საკონსულტაციო ცენტრი “ფსიქოპროექტის” დამფუძნებელი, ფსიქოლოგი ზურაბ ბიგვავა აცხადებს, რომ კვლევა “ქართული ოცნების” დაკვეთით 1-დან 8 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს 11 რეგიონში ჩატარდა. შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე სულ 2028 რესპონდენტი გამოიკითხა.