(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ორშაბათს, სახალხო ზეიმი “ჩიბათობა” სვიმონ კანანელის სახელობის ეკლესიის გახსნით დაიწყო. საზეიმო წირვა-ლოცვა შემოქმედის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იოსებმა აღავლინა სასულიერო პირებთან ერთად. ტაძრის მოძღვრად დროებით დეკანოზი საბა დაადგინეს, სანამ ეკლესიას საკუთარი მოძღვარი ეყოლება. მამა საბას დიდი დამსახურება მიუძღვის ტაძრის 12-წლიანი მშენებლობის დასრულებაში.
ზეიმს გუბერნატორი და ლანჩხუთის ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეიქმნა საზოგადოება “ჩიბათელი”, რომლის საპატიო პრეზიდენტად ანზორ ჯორბენაძე, საპატიო წევრად _ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, წევრებად კი გურამ ჩახვაძე, გიორგი ჩახვაძე, ირაკლი სარჯველაძე, სოსო მარგალიტაძე, ლადო ჭყონია, გელა ზოიძე, გიორგი ჭყონია და თინათინ გოგელია აირჩიეს.
სოფლის სკვერში მოწყობილ გურულ ფაცხებში ცხვებოდა ხაჭაპურები, შოთის პურები, იწვებოდა მწვადები, ხდიდნენ არაყს, ისმებოდა გურული “ადესა”. გაიმართა დოღი და სპორტული შეჯიბრებები ჭადრაკში, ფრენბურთში, ჭიდაობასა და ფეხბურთში. ფეხბურთში ერთმანეთს აღმოსავლეთ და დასავლეთ ჩიბათის გუნდებს შეხვდნენ. მატჩი დასრულდა ფრედ 3:3. გოლები გაიტანეს გია სარჯველაძემ, ზაზა სულაბერიძემ, გიორგი კუნჭულიამ (დასავლეთი), ლაშა კუკულაძემ (2) და დავით ზოიძემ (აღმოსავლეთი). გამარჯვებული ვერც დამატებითმა დრომ გამოავლინა. დაძაბულ მატჩში გამარჯვება პენალტების სერიით დასავლეთის გუნდმა მოიპოვა (7:6) და დაეპატრონა გარდამავალ თასს.
როგორც ორგანიზატორები ამბობენ, “ჩიბათობა” ამიერიდან ტრადიციულ დღესასწაულად იქცევა.