პატიმრის ირაკლი პერტიას დის, ელზა პერტიას განცხადებით, ციხის ადმინისტრაცია უყურადღებობას იჩენს პატიმრის მიმართ და მას საჭირო ოპერაციას არ უკეთებს. როგორც ცნობილი ხდება, პერტია ერთი წლის უკან სასჯელს გლდანის ციხეში იხდიდა, სადაც ის ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ამ ფაქტის შემდეგ დაკარგა დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი და ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუუარესდა.
ირაკლი პერტიას დის განცხადებით, “მას ციხეში ინვალიდის ეტლი შეუგზავნეს, რომელიც მისთვის ამ დრომდე არ მიუტანიათ და გადაადგილებაში პატიმრები ეხმარებიან. გეგუთის ციხის მთავარი ექიმი გიგა ძნელაძე უარს ამბობს პატიმრისთვის გადაუდებელი ოპერაციის ჩატარებაზე.” ელზა პერტიას თქმით, გეგუთის ციხეში მის ძმას დიაგნოზი _ “დისოციალური აშლილობა” დაუდგინეს და ის მედიკამენტები დაუნიშნეს, რომელიც არ შეესაბამებოდა მკურნალობის კურსს. ამის გამო პერტიამ ერთ-ერთი მედიკამენტის მიღებაზე უარი განაცხადა. პატიმრის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე რჩება და ციხის ადმინისტრაცია შესაბამის რეაგირებას არ ახდენს.”
“ირაკლიმ გვითხრა რომ ერთი წლის უკან გლდანის ციხეში სცემეს, რის გამოც ხერხემალი დაუზიანდა. ამ დრომდე უმძიმეს მდგომარეობაშია და მისი ჯანმრთელობა სათანადო ყურადღებას საჭიროებს. თვენახევარია მოწყვეტილია, ვერ დადის. “დისოციალური აშლილობა” დაუდგინეს გეგუთის ციხეში. თავად ირაკლი არ ენდობა ამ დიაგნოზს და უარი თქვა ერთ-ერთი მედიკამენტის _ “დიაზეპამის” მიღებაზე. ციხის მთავარი ექიმი გიგა ძნელაძე გვეუბნება რომ პატიმარი ოპერაციას არ საჭიროებს. მე ახლაც ველოდები, რა რეაგირება მოყვება, ამ ფაქტს და ამის შემდეგ ყველანაირი ხერხს მივმართავთ რომ ყველამ გაიგოს რა ხდება დღეს ციხეებში,” _ განაცხადა “გურია ნიუსთან” საუბრისას პატიმრის დამ ელზა პერტიამ.
“გურია ნიუსი” დაუკავშირდა შესაბამის უწყებას, სადაც გვითხრეს, რომ კომენტარს ამ თემაზე უახლოეს ხანში გააკეთებენ.