უჩა ნანუაშვილი პრეზიდენტს სთხოვს, დაიწყოს შესაბამისი პროცედურების განხორციელება, რათა საქართველომ რაც შეიძლება მალე მოახდინოს “იძულებითი გაუჩინარებისგან ყველა პირთა დაცვის შესახებ” კონვენციის რატიფიცირება.
1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტების შემდგომ საქართველოში არაერთი პირი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად. წლების განმავლობაში მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება ცალკეულ საქმეებზე, თუმცა, ამ დრომდე შედეგი საქმეთა უმრავლესობაზე არ დამდგარა.
_ 2006 წლის 20 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის A/RES/61/177 რეზოლუციით მიღებულ იქნა საერთაშორისო ხელშეკრულება “იძულებითი გაუჩინარებისგან ყველა პირთა დაცვის შესახებ” (International Convention for the Protection of All Persons from Enforced Disappearance), რომელიც ძალაში შევიდა 2010 წლის 23 დეკემბერს. აღნიშნული საერთაშორისო შეთანხმება 2013 წლის 30 აგვისტოს მდგომარეობით ხელმოწერილია 93 სახელმწიფოს მიერ, რომელთაგან 40-მა განახორციელა უკვე მისი რატიფიცირება. მათ შორის არ არის საქართველო.
საქართველოს სახელმწიფოსთვის მეტად მნიშვნელოვანია “იძულებითი გაუჩინარებისგან ყველა პირთა დაცვის შესახებ” კონვენციის რატიფიცირება. ერთი მხრივ, აღნიშნული უზრუნველყოფს საქართველოს იურისდიქციაში მსგავს ქმედებათა პრევენციას, ხოლო, მეორე მხრივ, იგი იქნება ნათელი დასტური იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფო ეფექტურად ებრძვის ამ საერთაშორისო დანაშაულს, _ აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.