ამის შემდეგ, ნაფიცმა მსაჯულებმა 6-საათიანი ვადა აიღეს საქმის განსახილველად, მაგრამ ეს ვადაც უშედეგოდ ამოიწურა.
ამ წუთებში, მოსამართლე, მხარეები და სასამართლოზე დამსწრე საზოგადოება მსაჯულებს შეხვდნენ, თუმცა, აღმოჩნდა, რომ გადაწყვეტილების მიღება მაინც ვერ მოხერხდა.
მოსამართლე დაინტერესდა, თუ რა გახდა გადაწყვეტილების მიუღებლობის მიზეზი, ხომ არ არის მათ შორის მსაჯული, რომელიც განიცდის ზეწოლას ვინმეს მხრიდან ან თავს იკავებს. უფროსი მსაჯულის განმარტებით, რომელსაც 12 ნაფიცი მსაჯული ირჩევს, ასეთი მსაჯული მათ შორის არაა. მოსამართლემ კიდევ ერთხელ განუმარტა მათ საკუთარი მოვალეობა, ვალდებულება და მოუწოდა ნაფიც მსაჯულებს, ნუ შეუშინდებიან ვერდიქტის გამოტანის პასუხისმგებლობას.
ამის შემდეგ, მსაჯულებს უკანასკნელი 3-საათიანი ვადა მიეცათ. გადაწყვეტილების მისაღებად 8 მსაჯულის შეთანხმებაა საჭირო.
თუ ისინი ამ სამი საათის განმავლობაში ვერ შეძლებენ ვერდიქტის გამოტანას, მოსამართლე ვალდებული იქნება, შეუჩეროს მათ უფლებამოსილება და დაიწყება ახალი ნაფიცი მსაჯულების შერჩევის საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურა, რაც რამდენიმე თვეს გასტანს.
ყოველივე ამას დაზარალებული მხარის, გარდაცვლილის დედის, პროტესტი მოჰყვა _ ადუაშვილები ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილების მიღება საგანგებოდ ჭიანურდება და ფერხდება, რადგან ბრალდებულებს ერთ კვირაში წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა ეწურებათ და ვერდიქტის გამოუტანლობის შემთხვევაში, ისინი პატიმრობიდან უნდა გაათავისუფლონ.
ამ წუთებში სათათბიროდ შესულ ნაფიც მსაჯულებს უკანასკნელი 3-საათიანი ვადა აქვთ და დამსწრე საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდება, გამოიტანენ თუ არა ისინი ადუაშვილების მკვლელობის საქმეზე საბოლოო ვერდიქტს.