(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ 2011 წლის 26 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებმა, რამდენიმე სოფლის რწმუნებულთან ერთად, ნოე რამიშვილის ძეგლი ყვავილებით შეამკეს, შემდეგ კი ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გადაინაცვლეს, სადაც სპორტის განვითარების ცენტრის მიერ (დირექტორი ზურაბ ჯინჭარაძე) შეჯიბრი გაიმართა ლელობურთსა და დოღში. ლელობურთში ერთმანეთს შეხვდნენ გოგოლესუბნისა და დაბლაციხის ლელობურთელები. გამარჯვება დაბლაციხელ ლელობურთელებს ხვდათ წილად. ტრადიციულ დოღში მონაწილეობდნენ ერკეთის, ხიდისთავის, გუთურის, შუასურების, ზემოსურების, დიდივანის ცხენოსნები. ორკილომეტრიან წრეზე პირველ ადგილზე გავიდა სოსო რამიშვილი (გუთური), მეორე ადგილზე _ გიორგი რამიშვილი (შუასურები), სამკილომეტრიან წრეზე პირველ ადგილზე გავიდა _ სოსო რამიშვილი (შუასურები), მეორე ადგილზე _ სოსო რამიშვილი (შუასურები). გამარჯვებულებს პრიზები გადასცეს გურიის გუბერნატორის მოადგილემ ლაშა შაფაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ანტონ ხუნდაძემ, გამგებელმა გია გიორგაძემ. შემდეგ დღესასწაულმა სამუსიკო სკოლაში გადაინაცვლა, სადაც სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა საინტერესო ღონისძიება შემოგვთავაზეს.
ამ დღისადმი მიძღვნილ ზეიმზე სტუმრებს კინოთეატრ “გურიაში”კულტურის სამსახური მასპინძლობდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ჩოხატაურში არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები და შემსრულებლები.
აღნიშნულ ღონისძიებებს ესწრებოდა გერმანელი სტუმარი, რომელიც საკრებულოში რამდენიმე დღეა იმყოფება. _ საუკეთესო იყო ყველა ღონისძიება, ყველგან ქართული სული იგრძნობოდა _ შეჯიბრებისას, ცეკვისას და სიმღერისას, _ აღნიშნა ქალბატონმა ქრისტლ ბესლერ-ლომიულერმა.
დათო ჩხიკვაძის ფოტორეპორტაჟი