როგორც ცნობილი ადვოკატი ლია მუხაშავრია ამბობს, არანაირი აღლუმი ან მსგავსი ღონისძიება არ არის საფუძველი იმისა, რომ მშვიდობიანი დემონსტრაცია დაშალონ: “ხელისუფლება ვალდებულია მოითმინოს. მას არ აქვს დარბევის უფლება. ის ვალდებულია, დაიცვას მომიტინგეები და თავისუფალი სიტყვა,” _ აღნიშნა ლანჩხუთელმა ადვოკატმა.
ჩვენ მთელი ღამის განმავლობაში თვალყურს ვადევნებდით თბილისში განვითარებულ მოვლენებს. მას შემდეგ, რაც დარბევა დაიწყო, კონტაქტის შენარჩუნება მხოლოდ ლანჩხუთის ექს-მაჟორიტარი დეპუტატის ბიძინა გუჯაბიძის მეუღლესთან, მაკა სახურიასთან შევძელით. როგორც მან გვითხრა, უკვე ღამის პირველი საათისთვის ლანჩხუთელ მომიტინგეებთან კავშირი გაწყდა: _ აქამდე მათ ვეკონტაქტებოდი, მაგრამ კავშირი შეწყდა. ტელეფონები გათიშული აქვთ, არ ვიცი, რა სჭირთ, _ გვითხრა მაკა სახურიამ.
ჩვენ “სახალხო კრების” ლანჩხუთის კურატორს, გია მაჭარაშვილს დავუკავშირდით:
_ ხომ არ არის დაშავებული ან დაკავებული რომელიმე ლანჩხუთელი მომიტინგე?
_ სამწუხაროდ, ამ დროისთვის არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ და ვცდილობ, დავაზუსტო, ხომ არ არიან დაკავებულთა შორის ლანჩხუთელები. დაშავებული კი აქ ყველაა _ ზოგს ფეხი აქვს მოტეხილი, ზოგი ნაცემია და ა. შ.
ამის შემდეგ საკმაო დრო გავიდა და რამდენიმე ლანჩხუთელ მომიტინგესთან, მათ შორის, ლიდერებთან დაკავშირება კვლავაც შეუძლებელია. როგორც მაკა სახურიამ გვითხრა, “სახალხო კრების” ლანჩხუთის ოფისის ხელმძღვანელი გია გურგენაძე, აქტივისტები გელა კვერენჩხილაძე, ენვერ ანდღულაძე, გია ჭანტურია, ვენე კვირკველია კონტაქტზე არ გამოდიან, მათი მობილური ტელეფონები კი გათიშულია. ჩვენი ინფორმაციით, სასტიკად არის ნაცემი კოტე ქანთარია _ მას თავი გაუტეხეს და სხეულზეც ძლიერი დაზიანებები აქვს. ფეხი აქვს მოტეხილი კონსერვატორთა გურულ ლიდერს, მაკა კვირკველიას _ ისიც დარბევის დროს აქციაზე იმყოფებოდა.
ჩვენ მაკა კვირკველიას დავუკავშირდით:
_ მაკა, ამბობენ, რომ აქციის დარბევის დროს დაშავდი…
_ გაზეთში ეს ინფორმაცია როდის იქნება?
_ ორშაბათს. მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს?
_ ჩემი ოჯახის წევრებმა არ იციან ამის შესახებ, მაგ დროს უკვე გავაგებინებ. უბრალოდ, არ მინდა გაზეთიდან შეიტყონ და პანიკაში ჩავარდნენ.
_ მაკა, ჯერ ის გვითხარი, როგორ აღმოჩნდი აქციაზე, როცა თქვენი პარტია მასში არ მონაწილეობდა?
_ მე იქ ვიყავი, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე და არ მგონია, აქციაზე მისვლა, მით უფრო, როცა მისი დარბევის საფრთხე არსებობდა, დანაშაული იყოს.
_ მესმის, მაგრამ შენ ხარ გურულ “კონსერვატორთა” ხელმძღვანელი…
_ ეს არაფერს ცვლის. იქ სხვა პარტიების თუ მოძრაობების ლიდერებიც იყვნენ, თუნდაც კახა კუკავა, ლევან გაჩეჩილაძე და სხვები… აქვე მინდა გითხრათ, რაც ჩემი თვალით ვნახე _ ლევანი, მისი ძმა, მისი ოჯახის წევრები და ახლობლები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც პირველები შეეგებნენ სპეცდანიშნულების რაზმს, ანუ მათ გაუკეთეს “სახალხო კრებას” ერთგვარი დაცვა და პირველი შეტევა სწორედ მათ მიიღეს.
მიუხედავად იმისა, რომ ფეხი მოვიტეხე, უდიდესი სტრესი მივიღე, რამდენიმე ხნის განმავლობაში ვიყავი გონებადაკარგული და შესაძლოა, ცოცხალიც ვერ გამოვსულიყავი იქიდან, მიმაჩნია, რომ ეს წუთები ჩემ ცხოვრებაში გამორჩეული იქნება _ მე მქონდა ბედნიერება, იმ წვიმაში აქციაზე მოსული ადამიანების გვერდით ვყოფილიყავი. ამ ადამიანებს მე გმირებს ვუწოდებ _ მათ დაძლიეს შიში და ბოლომდე იდგნენ იქ.
_ შენ სად იყავი ამ დროს და საინტერესოა ისიც, თუ რისი დანახვა მოახერხე, სანამ თუნდაც გონებას დაკარგავდი?
_ ჩვენ, ლანჩხუთელები _ “სახალხო კრების” აქტივისტები, მხარდამჭერები თუ გულშემატკივრები, ვიდექით ერთად, რადგან თუ დარბევა მოხდებოდა, ერთმანეთს დავხმარებოდით. თუმცა, თავიდანვე ვიტყვი, რომ იქ ისეთი ვითარება შეიქმნა, ისეთი დაუნდობელი იყო სპეცრაზმი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რომ ერთმანეთი მალევე დავკარგეთ.
_ მაკა, რას ფიქრობდით _ ხელისუფლება დაგინდობდათ და აღლუმის ჩაშლას მართლა მოახერხებდით?
_ იმ ვარაუდებს, რისი იმედი გვქონდა და გვაქვს ამ ხელისუფლების პირობებში, მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ გულწრფელად გეტყვით _ დარბევას ველოდი და სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ იმ ღამეს იქ მივედი. მე სხვანაირად არ შემეძლო _ უნდა ვმდგარიყავი ქართველი ხალხის გვერდზე!
_ თუმცა, “სახალხო კრებამ” დიდი რაოდენობის ხალხის შეკრება ვერ მოახერხა!
_ მიუხედავად იმისა, რომ იმ ღამეს კოკისპირულად წვიმდა, რამდენიმე ათასი ადამიანი იდგა და ფეხს არ იცვლიდა. მე არ ვყოფილვარ ორგანიზატორი და დეტალების შესახებ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ თუნდაც ათასი, ან ასი მოქალაქის პროტესტს ასე არ უნდა ექცეოდეს და არბევდეს ხელისუფლება.
_ როგორ განვითარდა მოვლენები, როცა დარბევა დაიწყო?
_ იმ დროს ვიდექი ტრიბუნის უკან, ანუ პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს, სადაც “სახალხო კრების” მანქანა იდგა, რომელზეც ტრიბუნა იყო დამონტაჟებული…
_ სანამ გააგრძელებდე, იქნებ, დააზუსტო _ შენ იდექი ტრიბუნასთან ახლოს, ანუ არც თუ შორს ნინო ბურჯანაძის ესკორტთან, ხომ ასეა?
_ კი, მანქანები ცოტა ხნით ადრე მოიყვანეს.
_ მაკა, ხომ არ შეგინიშნავს, ბურჯანაძემ აქცია დარბევის დაწყებისთანავე თუ შემდეგ დატოვა?
_ დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ ქალბატონ ნინოს აქცია არ მიუტოვებია და არ გაქცეულა. მას ბოლო წუთამდე, სანამ სიტუაცია აირეოდა, თხოვდნენ, რომ წასულიყო. ჩემი ყურით მოვისმინე, როცა მის შვილს ეუბნებოდნენ, დაერწმუნებინა დედამისი, დაეტოვებინა იქაურობა. თუმცა, ნინო ბურჯანაძე ბოლომდე იქ იდგა, როცა დარბევა დაიწყო, აშკარა იყო, რომ სპეცრაზმი უკან არ დაიხევდა. ამის შემდეგ, ვითარება კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა _ აზრი არ ჰქონდა, ლიდერი იყავი თუ რიგითი მოქალაქე. როგორც ჩანს, ქალბატონი ნინო მაგ დროს გაიყვანა დაცვამ.
_ შენ როდის დაშავდი?
_ ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. იქ საშინელება ხდებოდა _ სპეცრაზმის წარმომადგენლებმა ოთხივე მხრიდან ალყაში მოგვაქციეს. ფაქტობრივად, გასაქცევიც არ დაგვიტოვეს და ჭყლეტაში აღმოვჩნდი. ხალხი გაქცევას ლამობდა, რომ ამ დაუნდობელი ნიღბიანებისთვის თავი დაეღწიათ, მაგრამ გასასვლელი არ გვქონდა. ამასობაში ფეხი მოვიტეხე, თუმცა, ალბათ, გასვლას მოვახერხებდი, ვეცდებოდი მაინც, მაგრამ გაზის იარაღი ისროლეს ჩვენს მხარეს, რამაც გონება დამაკარგვინა. არ ვიცი, რამდენი წუთი ვიყავი გონებადაკარგული. საბედნიეროდ, ახლოს აღმოჩნდა ახლობელი, რომელიც ცოტა ხნით მოშორდა იქაურობას, რომ ჰაერი ჩაეყლაპა და მობრუნდა ჩემ წასაყვანად. როგორც შემდეგ მითხრა, მხოლოდ თავი მიჩანდა და ალბათ, ცოცხალი არ ვიქნებოდი, მას რომ არ გავეთრიე იქედან. საშინელი ტკივილები მქონდა, მაგრამ უკვე გონზე მოსული, მოტეხილი ფეხით გავრბოდი. 500 მეტრი მაინც გავიარე და აღმოვჩნდით იტალიური ეზოს შესასვლელში. იქვე კიბეზე ჩამოვჯექი, ტკივილისგან ზოგჯერ ვყვიროდი. მეუბნებოდნენ, ნუ იყვირებ, თორემ გაიგონებენ და სპეცრაზმი აქაც მოგვადგებაო. შემდეგ ერთმა ღვთისნიერმა კაცმა შეგვიფარა _ 30 ადამიანი ვიყავით მის სახლში. რომ გაეგოთ, მასაც ააწიოკებდნენ. ტელეფონები გავთიშეთ და იქ გავათიეთ ღამე. რა თქმა უნდა, არავის დაგვიძინია. ისიც არ ვიცოდით წესიერად _ რა ხდებოდა გარეთ და რა ბედი ეწიათ მომიტინგეებს.
_ მაკა, ლანჩხუთელებთან თუ მოახერხე დაკავშირება?
_ სადაც მე მივედი, თუ მიმიყვანეს, იქ დამხვდა გია მაჭარაშვილი. მე მეორე დღეს სასწრაფო ოპერაცია გამიკეთდა. თანდათან სხვა ლანჩხუთელების შესახებაც მივიღე ინფორმაცია. საბედნიეროდ, ლანჩხუთელ მომიტინგეებს შორის მსხვერპლი არ არის.
_ თუმცა, ჩვენ ჯერაც ვერ ვახერხებთ რამდენიმე მათგანთან დაკავშირებას, მათ შორის გია გურგენაძესთან.
_ ჩემი ინფორმაციით, გია დაჭერილი ჰყავთ.
_ გელა კვერენჩხილაძე, ენვერ ანდღულაძე?
_ როგორც ვიცი, ისინი გამოჩნდნენ და კარგად არიან. თუმცა, არც გიას და არც სხვების შემთხვევაში, დაზუსტებული ინფორმაცია არ მაქვს.
ჩვენ პარასკევს ისევ დავუკავშირდით გია მაჭარაშვილს:
_ ბატონო გია, რომელიმე ლანჩხუთელი მომიტინგე კონტაქტზე ხომ არ გამოსულა?
_ არა, სამწუხაროდ, მათთან დაკავშირებას ვერ ვახერხებ, ისინიც არ მიკავშირდებიან _ ტელეფონები გათიშული აქვთ. მეც ვცდილობ დადგენას, რა ხდება მათთან დაკავშირებით, თუმცა, სამწუხაროდ, ვერაფერს ვიგებ.
მასალა უკვე დასაბეჭდად მზად გვქონდა, როცა მაკა სახურიამ შემდეგი ინფორმაცია მოგვაწოდა: “ყველა ლანჩხუთელი გამოჩნდა, გია გურგენაძის გარდა. როგორც გავიგე, ის დაკავებულია. რაც შეეხება დანარჩენებს, ყველა ვნახე და კარგად არიან”.
შსს “სახალხო კრების” ლანჩხუთის ოფისის ლიდერის დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. აქედან გამომდინარე, ჯერაც გაურკვეველია, რა ბედი ეწია ლანჩხუთის ექს-პოლიცმაისტერს, რომელიც პოლიტიკაში 2 წლის წინ მოვიდა. თუმცა, არ მალავს, რომ პოლიტიკოსი არ არის და ამაზე პრეტენზია არ აქვს, უბრალოდ, “სახალხო კრების” იდეების მხარდამჭერია. გურგენაძე ბათუმის აქციაზე სიტყვით გამოვიდა და შეკრებილების ტაშიც არა ერთხელ დაიმსახურა. შესაძლებელია, მისი დაკავება სწორედ გურგენაძის აქტიურობას უკავშირდებოდეს. არც ის გავრცელებული ინფორმაციაა საფუძველს მოკლებული, რომ მისი პოლიციური წარსულის გამო, ხელისუფლებამ გურგენაძე “გადამტრიალებლების სიაში” “აღმოაჩინოს” _ გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერებს წარსულში მაღალჩინოსანი პოლიციელის “მიწებება” კიდევ უფრო “გაამაგრებს”. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ გაუჩინარებულთა შორის ბევრი ყოფილი ძალოვანია. არაა გამორიცხული, ხელისუფლება მათ “აღიარებით ჩვენებებზე” “მუშაობს”.
27 მაისს, ჩვენ დაგვიკავშირდა აქციის კიდევ ერთი მონაწილე ენვერ ანდღულაძე და იმის შესახებ გვესაუბრა, თუ რა ხდებოდა 26 მაისის ღამეს თბილისში:
_ ბატონო ენვერ, თქვენთან დაკავშირება შეუძლებელი იყო. სად და როგორ ხართ?
_ ახლა ლანჩხუთში ვარ, ჩოჩხათში. ამ დილით ჩამოვედი მატარებლით თბილისიდან. როგორ ვიქნები? დაჟეჟილი, ნაცემ-ნაბეგვი…
_ არც თქვენ ასაკს მოერიდნენ და გცემეს?
_ რას ამბობ, შვილო, მცემეს რომელია. ვინ მოერიდებოდა ასაკს? ის დაუნდობელი ხალხი? 63 წლის კაცი ვარ, ჩემზე უფრო ასაკიანი ხალხიც იყო, რომლებსაც ასევე ცემდნენ.
_ ბატონო ენვერ, რამე წინააღმდეგობას უწევდით?
_ არა, რა წინააღმდეგობა უნდა გაგვეწია? შიშველი ხელებით?
_ მესმის თქვენი, მაგრამ მე არ ვარ თვითმხილველი და ძნელია დავიჯერო, რომ მხოლოდ აქციაზე დგომისთვის ასაკიანი ადამიანებიც ასე გაგიმეტეს. არადა, კადრებიც თქვენს სიტყვებს ადასტურებს, სამწუხაროდ…
_ კი, ნამდვილად ასე იყო! ცემას ვინ ჩივის, აიტანს კაცი ხელკეტის თუ “ბატინკის” სიმწარეს…
_ ამაზე უარესი რაღა იყო?
_ ეს არ იყო დაშლის აქცია, ეს იყო დარბევა, დაუნდობელი და დანაშაულებრივი! ასე საკუთარ ხალხს არ უნდა ექცეოდე! გვცემეს, დაგვაბეს, ხელზე ბორკილები დაგვადეს და დაგვყარეს იქვე ასფალტზე, წყალში… წვიმაში ვეგდეთ ასე კარგა ხანს…
_ მძიმე წუთები გადაგიტანიათ. ბატონო ენვერ. ხომ არ იცით, სად არიან სხვა ლანჩხუთელები? თუნდაც, გია გურგენაძე.
_ როცა საკანში ვიყავი, ჩემთან იყო ლანჩხუთელი ბიჭი, კუკულაძეა გვარად…
_ მაპატიეთ, შეგაწყვეტინებთ _ რა საკანზეა საუბარი, დაჭერილი იყავით?
_ აბა, რა! დაგვაკავეს და ეს წყალში ჩაგდებული ხალხი მიგვიყვანეს პოლიციაში. დილით გამოგვიშვეს ნაწილი, ნაწილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
_ თქვენ გურგენაძეზე საუბრობდით, გაქვთ რამე ინფორმაცია?
_ ჰოდა, იმ ბიჭმა მითხრა, რომ გია დაინახა. ფიქრობს, რომ ნაცემი იყო. მეტი არაფერი ვიცი, მე პირადად არ დამინახავს. ამ ხნის კაცი ვარ და ასეთი რამ აქამდე არ მინახავს _ ეს იყო საშინელება!