კიდევ ერთხელ განმარტა საქართველოს ხელისუფლების სტრატეგია ევრაზიულ კავშირთან შესაძლო თანამშრომლობაზე, რასაც ბოლო ხანებში ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა.
ბიძინა ივანიშვილი: _ სტრატეგია არის ის, რაც ქვეყნისთვის ყველაზე სასარგებლოა, ხომ ასეა? ე.ი. სარგებელს სადაც ხედავს ქვეყანა, იქით იყურება, იქით მიდის. რაც ყველაზე საინტერესოა და სასარგებლოა ქვეყნისათვის, ისაა მისი სტრატეგია. ჩემი პასუხიც ასეთი იყო: ჩვენ ვუყურებთ, ვსწავლობთ და თუ ეს ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება – რატომაც არა?! რაც ქვეყნისათვის სასარგებლო იქნება, ის არ შეიძლება, რომ ქვეყნის სტრატეგიას ეწინააღმედეგოდეს. თუ ქვეყნის სტრატეგია და ყველაზე სასარგებლო მიმართულება, რომელსაც ქვეყანა აირჩევს და მის სტრატეგიად ასახელებს, არის ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე… სტრატეგია არის გამოკვეთილი [და] სასარგებლო ქვეყნისთვის. ე.ი. თუ არ მოდის წინააღმდეგობაში ძირითად სარგებელთან, რა თქმა უნდა, სხვა დამატებითი სარგებელი შეიძლება აიღო.
რადიო “თავისუფლება”: _ ისე, ბატონო ბიძინა, ეს ევრაზიული გაერთიანება სტრატეგიულად იქნებ მართლა საინტერესოა? აგერ სომხეთმა, რომელსაც ერთხელ თქვენ მოუწონეთ საგარეო პოლიტიკური კურსი, თქვა, რომ შეუერთდება ამ გაერთიანებას.
ბიძინა ივანიშვილი: _ ჰო, აქ დიდი კითხვაა. ახლა დაველოდოთ ჩვენ. პირველი რეაქცია [შტეფან] ფიულეს განცხადება იყო გუშინ და, რა თქმა უნდა, ევროპელებს ეს არ გაუხარდათ… ახლა რაც ხდება სომხეთის შემთხვევაში – რამდენად დროულად, რამდენად შესწავლილი აქვთ მათ ეს თემა და ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა რიგაში, რამდენად მათი სტრატეგია არის ისევ ევროპა და ნატო, და რამდენად მოდის ეს შესატყვისობაში – ეს ჯერ გასარკვევია. მე არასდროს არ გავხდი ჩვენს ქვეყანას საცდელად და გამოსაცდელად! ჩვენ უნდა დარწმუნებულნი ვიყოთ, რა გვინდა ჩვენ და რას ვაკეთებთ. შესაბამისად, მყარი პასუხი გავეცი [ჟურნალისტს] – ჩვენ ვუყურებთ, თვალყურს ვადევნებთ და ვსწავლობთ, თუ რა არის ეს [ევრაზიული გავშირი] და რას ნიშნავს ეს ყველაფერი. ჩემი აზრით, ახლოში არა, მაგრამ შორეულ პერსპექტივაში რუსეთი ევროკავშირის წევრიც გახდება (ვერსად ვერ წავა, ახლოს არიან და ქვეყნებს ერთმანეთი სჭირდებათ), ნატოს წევრიც გახდება და ახლო მეგობარი გახდება ამერიკის. შესაბამისად, როდესაც სწავლობ და უყურებ, მაშინ შეხვალ შენ თუ გინდა იქ [ევრაზიულ კავშირში], როდესაც ხედავ, რომ საეჭვო აღარაა და შენი ქვეყნისათვის ეს საინტერესო და სასარგებლოა…
რადიო “თავისუფლება“: _ თუმცა, ამ გადასახედიდან ეს პროგნოზი ცოტა თამამია…
ბიძინა ივანიშვილი: _ თამამი რა, ყველაფერი იცვლება გლობალურ პოლიტიკაში, დღევანდელი მტრები ხვალ მეგობრები არიან და პირიქით. აბა ნახეთ, რუსეთი და გერმანია დღეს საუკეთესოდ მეგობრობენ. აბა ნახეთ, რამდენი წელიწადი გავიდა? და როგორი სიტუაცია იყო – მსოფლიო ომი და როგორი ომი თანაც.
რადიო “თავისუფლება”: _ ბატონო ბიძინა, თქვენ ბრძანეთ, რომ აკვირდებით და ჯერ არ იცით, რას წარმოადგენს ევრაზიული კავშირი…
ბიძინა ივანიშვილი: _ თვითონ არ იციან ჯერ რა უნდათ და მე როგორ უნდა ვიცოდე?!…
რადო “თავისუფლება”: _ არა, მე სხვა რამეს გეტყვით. ევროზონაში რა გვინდა და რა გველოდება ევროკავშირში, – ეს ვიცით ზუსტად? რა რეგულაციები გველოდება? რა გამოწვევები გველოდება? აქ, რიგის კონფერენციაზე ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ პესიმისტები ჭარბობენ ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებით.
ბიძინა ივანიშვილი: _ კარგი შეკითხვაა, ძალიან კარგი შეკითხვაა. რაც შეეხება ევროპას, ეს ჩვენი სტრატეგიაა, თუ გნებავთ, ისტორიული ნებაა ქართველი ხალხის. ევროკავშირში ჩვენ, პირველ რიგში, მოგვწონს ევროპული ფასეულობების დომინირება, სიტყვა “ევროპა” ჩემთვის, პირველ რიგში, ევროპული ფასეულობებია. დღევანდელმა ცივილიზაციამ ვერაფერი უკეთესი ვერ მოძებნა, გარდა ევროპისა. ყველაზე წარმატებული და ყველაზე საინტერესოებიც დღეს ძველი ევროპელები არიან. თუ უკეთეს რამეს გამოიგონებს კაცობრიობა, ჩვენც უნდა შევეცადოთ [მასთან თანამშრომლობას]…
რადიო “თავისუფლება”: _ მისი პოლიტიკური განზომილება უფრო მოგწონთ ფასეულობის მხრივ, თუ მისი ეკონომიკური შესაძლებლობები?
ბიძინა ივანიშვილი: _ ამ ფასეულობების საფუძველზე მოახერხა ევროპამ [შეექმნა] ზუსტად ის ადამიანის უფლებები, კონკურენტუნარიანი ბაზარი, რომ არ არის კორუფცია და ა.შ., რაც არის ევროპული ფასეულობები. ახლა ეს ეკონომიკური კრიზისი, რაც დღეს ევროპაშია, რა თქმა უნდა, ცოტა ჩრდილს აყენებს დღევანდელი გადმოსახედიდან ევროპულობას. მაგრამ კრიზისიც ჩამთავრდება. ჩვენ სად უნდა ვიყუროთ, თუ არა ევროპის მიმართულებით? რა არის უკეთესი? თუ არა ევროპისკენ, მაშ საითკენ? გამოკვეთილად, საუკუნეზე მეტია, ევროპა საინტერესოა და, რა თქმა უნდა, უკეთესისაკენ უნდა იყურებოდეს ყველა ადამიანი. ევროპა ამოჩემება კი არაა სიტყვის, არამედ ადამიანი ყოველთვის ისწრაფვის უკეთესობისკენ. [ევროპაზე] უკეთესი ჯერ არაფერი არ შეუქმნია თანამედროვე ცივილიზაციას.
რადიო “თავისუფლება”: _ მაგრამ ევროპა მიმზიდველია იმით, რომ მას არ ჰყავს ერთი ბატონი. აი, ევრაზიულ გაერთიანებას, რომელიც პერსპექტივაში ეკონომიკურად შეიძლება მიმზიდველი იყოს, უკვე ჰყავს ერთი ბატონი მოსკოვის სახით, რომელიც კარნახობს სხვა წევრებს თამაშის წესებს.
ბიძინა ივანიშვილი: _ ასეთში არ შევალთ ჩვენ მერე. ჩვენ ბატონობა უკვე დავამთავრეთ. [ბატონობა] ახლა სურდა ამ კაცს ბოლოს…
რადიო “თავისუფლება”: _ ვის გულისხმობთ?
ბიძინა ივანიშვილი: _ … და ფეოდალივით იქცეოდა ჩვენი პრეზიდენტი. ექვსი რეზიდენცია, უამრავი ქონება, აქეთ ვერტმფრენები, თვითმფრინავები, სამი ათასი კაცი დაცვა და მთელ ქვეყანას იმსახურებდა. ჩვენ ბატონების დრო…ფეოდალივით იქცეოდა ჩვენი პრეზიდენტი,
დავასრულეთ! ჩვენ გვინდა ადამიანის უფლებები, თანასწორობა, დემოკრატია და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა. შესაბამისად, ევრაზიულ კავშირს, მე სწორად ვთქვი, ვუყურებთ და ვსწავლობთ. ასეთი სახით, როგორც თქვენ თქვით, და რაც დღეს იკვეთება, მაგრამ ჩამოყალიბებული არ არის – ეს არა, ჩვენ იქ არ შევალთ! ეგეთი სახით ჩვენ არ გვინდა! ჩვენ გვინდა ის, რაც ჩვენს ქვეყანას კარგ პერსპექტივას შეუქმნის და ეს არ იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების საპირისპიროდ, ეს არ იქნება ევროპეიზაციის საპირისპიროდ, ეს არ იქნება ქვეყნის უსაფრთხოების საპირისპიროდ. ზოგადი პასუხები ასეთია, _ თქვა ივანიშვილმა “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში.