სახელმწიფო უწყებებთან ელექტრონული კომუნიკაციის ახალი სერვისი ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობას აძლევს, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია, სახელმწიფო უწყებებში ელექტრონულად გააგზავნოს ნებისმიერი სახის წერილი, მოთხოვნა ან საჩივარი და ელექტრონულადვე მიიღოს პასუხი. აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია მოქალაქის პორტალიდან − MY.GOV.GE.
მომსახურება ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან პორტალზე − MY.GOV.GE. საჯარო ინფორმაციის მისაღებად მომხმარებელი უნდა შევიდეს მოქალაქის პორტალის გვერდზე. ამისათვის კი მას შეუძლია გამოიყენოს როგორც პირადობის ახალი მოწმობა, ისე სახელი და პაროლი, რომლის მიღებაც შესაძლებელია იუსტიციის სახლებში.
ელექტრონულად წარმოებულ კორესპონდენციაზე საჯარო ორგანიზაციიდან პასუხის მიღების შესახებ მოქალაქეს შეტყობინება ეგზავნება ელექტრონული ფოსტითა და მოკლე ტექსტური შეტყობინებით. საჯარო ორგანიზაციის პასუხის სრულად ნახვა კი მოქალაქეს პორტალზე “შესრულებული დავალებების” სექციაში შეუძლია. მომხმარებელს აქვე ექნება საშუალება, დაათვალიეროს მის მიერ სხვადასხვა დროს ამა თუ იმ საჯარო ორგანიზაციაში გაგზავნილი წერილები და მიღებული პასუხები.
მომსახურება ვრცელდება იმ საჯარო ორგანიზაციებზე, სადაც დანერგილია ელექტრონული საქმისწარმოების სისტემა (დღეისათვის − 60-მდე საჯარო ორგანიზაცია). საქართველოს საჯარო სექტორში დღეს სამი ორგანიზაციის (იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების) მიერ შექმნილი ელექტრონული საქმისწარმოების სისტემა მოქმედებს, რომელთა შორის დოკუმენტების ელექტრონული სახით გაცვლას იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო უზრუნველყოფს.
საჯარო დაწესებულებებთან ელექტრონული კომუნიკაციის სერვისი ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში, ანტიკორუფციული საბჭოს, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტისა და ამავე სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ინიციატივით შემუშავდა.
დღემდე საჯარო ორგანიზაციასთან კომუნიკაციისთვის მოქალაქეს წერილობით უნდა მიემართა შესაბამისი უწყებისთვის. ახალი მომსახურების მეშვეობით კი შესაძლებელი ხდება, სხვადასხვა საჯარო უწყებასთან კომუნიკაცია ელექტრონულად დამყარდეს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო, რომელიც ადმინისტრირებას უწევს მოქალაქის პორტალს (MY.GOV.GE), არის მხოლოდ დამაკავშირებელი საშუალება შესაბამის სახელმწიფო უწყებასა და მომხმარებელს შორის და არ წარმოადგენს მოთხოვნილი ინფორმაციის მფლობელს. შესაბამისად, ინფორმაციის სიზუსტესთან, მიღების ვადებთან ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს იმ საჯარო უწყებას, რომელსაც მიმართა, _ იუწყება იუსტიციის სამინისტრო.