_ ბოლო დროს საქართველოში გახშირდა ანონიმური ცრუ შეტყობინებები სხვადასხვა ობიექტებში ნაღმის არსებობის შესახებ, რაც პირველ რიგში, მოსახლეობაში სტრესს იწვევს და სერიოზულ ფინანსურ ზიანს აყენებს როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო ორგანიზაციებს.
შსს მსგავსი დანაშაულის პრევენციის მიზნით საჭიროდ მიიჩნევს შესაბამისი კანონმდებლობის გამკაცრებას. სამინისტრომ უკვე შეიმუშავა პროექტი, რომლის ინიცირებასაც პარლამენტარებთან ერთად საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს მომავალში გეგმავს. ცვლილებები შევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლში, რომელიც „ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებაზე“ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს და მნიშვნელოვნად გამკაცრდება სასჯელის ზომა. ასევე, ცვლილებები შევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და შესაბამისად, ცრუ შეტყობინების ავტორ არასრულწლოვანთა მშობლების მიმართ დაწესდება სოლიდური ჯარიმა. დღემდე მოქმედი კანონმდებლობა 16 წლამდე პირთა მიერ ცრუ შეტყობინების განხორციელების შემთხვევაში სასჯელს არ ითვალისწინებდა.
შსს-ს მიერ შემუშავებული პროექტით სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა იქნება ადექვატური ღონისძიება ზემოთაღნიშნული დანაშაულის პრევენციისათვის. საქართველოს პარლამენტი აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებს უახლოეს მომავალში განიხილავს, _ აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.