საარჩევნო უბნების წევრებისთვის გამოცხადებული იყო კონკურსი და მათ საოლქო საარჩევნო კომისიის 5 ძირითადი, 1 _ დამატებითი უპარტიო წევრი, 1 _ “ერთიანი ნაციონალების” წარმომადგენელი და 6 _ კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალი პარტიების წევრები ირჩევდნენ.
არჩეულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის მოხვდა დავით ჯამბურია, რომელიც კოალიციის წევრია. თუმცა, ამან კოალიციის სხვა წევრების გაღიზიანება გამოიწვია და როგორც “გურია ნიუსს” ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, კოალიცია “ქართული ოცნების” ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ლევან სურმავა #65-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში მიიჭრა და კომისიის წევრებს დაემუქრა. იგი უკმაყოფილებას გამოთქვამდა დავით ჯამბურიას არჩევასთან დაკავშირებით და მოითხოვდა გადაეცათ იმ ადამიანების სია, რომლებმაც ჯამბურიას კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.
საქმე იმაშია, რომ კოალიცია ”ქართული ოცნების” მარტვილის ორგანიზაციის წევრებს შორის უკვე დიდი ხანია დაპირისპირებაა და ერთმანეთში ვერ თანხმდებიან.
საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, როდესაც რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობების გადადგომის მოთხოვნით აქციები იმართებოდა, ”ქართული ოცნების” მარტვილის შტაბის ნაწილმა საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა, ნაწილმა კი, მიიღო გადაწყვეტილება, საკითხი ცივილიზებული ფორმით და მოლაპარაკებებით მოეგვარებინათ. ამასთან, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ”ოცნების” ორ ფრთას გამგებლობის თავისი კანდიდატები ჰყავდა; კერძოდ, ზურაბ ბიგვავა და ალექსი გაბისონია; ამ უკანასკნელს, როგორც თვითონ ამბობს, პარლამენტიც უჭერდა მხარს; რამდენიმეკვირიანი შიმშილობის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა საპარლამენტო უმრავლესობის რჩევით, პროტესტი შეწყვიტეს, რადგან უშედეგო იყო. თუმცა, კოალიციის წევრები ორად _ ბიგვავასა და გაბისონიას ჯგუფებად დაიყვნენ და მათ შორის დაპირისპირება დღემდე გრძელდება.
სწორედ ზურაბ ბიგვავას გუნდის წარმომადგენელია დავით ჯამბურია, ხოლო ლევან სურმავა _ ალექსი გაბისონიასი.