ლევან ბეჟაშვილის თქმით, მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ცრუ შეტყობინებები ვინმეს მიერ არის ორგანიზებული უსუსური და სასაცილოა. მისივე განცხადებით ამ საკითხზე გაცილებით მეტი მუშაობა მართებს სამართალდამცველ ორგანოებს. ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ კანონმდებლობის მხრივ გარკვეული პრობლემები არსებობს.
_ კანონპროექტზე მუშაობა სავარაუდოდ ხვალიდან დაიწყება. თავად ფაქტი იმის შესახებ, რომ მსგავსი ცრუ შეტყობინებები გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის მიერ არის ორგანიზებული უსუსური და სასაცილოა. სამწუხაროა, რომ ამასთან დაკავშირებით ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი თავის უნიათობას ამჟღავნებს და ,”ნაციონალურ მოძრაობას” აბრალებს მას. სამართლებრივ ორგანოებს მართებთ მეტი მობილიზება და გამოვლენა იმ დანაშაულებრივი მოტივების , რომელიც არსებობს ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. უმცირესობას უარყოფითი დამოკიდებულება ამ ინიციატივასთან დაკავშირებით არ ექნება, რადგან პრაქტიკიდან ჩანს, რომ კანონმდებლობის მხრივ გარკვეული პრობლემები არსებობს, ამიტომ დაველოდებით კანონპროექტის განხილვას, _ განაცხადა ბეჟაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს მიერ წარმოდგენილი ინიციატივის თანახმად პასუხისმგებლობის ზომა ცრუ შეტყობინებებისთვის მძიმდება და სასჯელის ზომად, ნაცვლად 3 წლისა 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ისაზღვრება. გარდა ამისა, იგივე ქმედების ჩადენა დამამძიმებელ გარემოებებში, წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფის მიერ (არაერთგზის, ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), კანონპროექტის თანახმად 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


































































