ეს განცხადება “ჩვენი საქართველო _ თავისუფალი დემოკრატების” გურიის ორგანიზაციის ლიდერმა თემურ სალუქვაძემ, ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ოფისში, შაბათს, 29 მაისს, გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მან საქართველოში ბოლოდროინდელი მოვლენები და 26 მაისის აქციის დარბევა გააპროტესტა: “გარდაცვლილთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. დაზარალებული და შეურაცხყოფილია ქართველი ხალხი. უამრავი ადამიანი იმყოფება ფიზიკურად რთულ მდგომარეობაში, არიან დაკარგულებიც”, _ თქვა სალუქვაძემ.
მისი თქმით, გურიიდანაც არიან ადამიანები, რომელთა ადგილსამყოფელი ჯერ კიდევ უცნობია: “ნაცემია და გაძარცულია გაზეთ “გურია ნიუსის” ჟურნალისტი ნატო გოგელია. ჩვენ “თავისუფალი დემოკრატები” მივმართავთ ადგილობრივ ხელისუფლებას, გამოიყენოს ყველა სახელისუფლებო რესურსი ამ ადამიანთა დასახმარებლად”.
რაც შეეხება თვით ფაქტს, სალუქვაძემ მას მოძალადე ხელისუფლებისა და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსთა მოქმედების შედეგი უწოდა: “ხელისუფლებას შეეძლო აეცილებინა ეს ტრაგედია, თუკი მათ ჰქონდათ მოპოვებული გარკვეული მასალები, შეეძლოთ გაეტარებინათ პრევენციული ღონისძიებები. ხალხის მიმართ გამოყენებულ იქნა არაადეკვატური ძალა. ეს იყო არა დაშლის, არამედ, იყო სისხლიანი სადამსჯელო ოპერაცია _ თავისი სისასტიკით მან გადააჭარბა 9 აპრილს გახორციელებულ ოპერაციას. ყოველივე ეს მეტყველებს ხელისუფლების პოლიტიკურ უძლურებასა და მის ძალადობრივ ბუნებაზე. ხელისუფლება ყოველმხრივ გაუცხოებულია საზოგადოებისაგან და ამას მოწმობს დღეს განვითარებული მოვლენებიც”, _ განაცხადეს პრესკონფერენციაზე.
“თავისუფალი დემოკრატები” მთელ პასუხისმგებლობას, როგორც ხელისუფლებას, ასევე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს აკისრებს: “მივმართავთ საზოგადოებას: ხელისუფლება, რომელიც არ ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს, ხალხის მოთხოვნებს, ის უნდა წავიდეს, მაგრამ მათი შეცვლა ძალადობრივი მეთოდებით ყოვლად დაუშვებელი და უპერსპექტივოა. რევოლუცია თავად წარმოშობს ძალადობას. ჩვენი პრინციპული პოზიციაა, გამოძიებულ იქნას 26 მაისის მოვლენები სრულად. ადამიანები, ნებისმიერი მხრიდან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ მოვლენებზე, უნდა წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე”, _ აღნიშნა სალუქვაძემ.