პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია მიმდინარე საკანონმდებლო აქტების შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კონსტიტუციასთან. ამ მიზნით “უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომელიც დღეს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს, საკუთარი ინიციატივით ან შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის წინადადებით, ცალკეულ შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული წესის დაუცველად მიანიჭოს პირს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი, მხოლოდ ამავე კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე. რამდენადაც აღნიშნულ უფლებამოსილებას არ ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლი, მიზანშეწონილია, რომ იგი შეიცვალოს.
კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.






























































