მათი განცხადებით, საქმის კურსია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრო, ასევე, სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელ ირაკლი ქოჩუაც, თუმცა, საკითხის გადაწყვეტა ვერ შეძლეს.
სწორედ ამიტომ დევნილებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს და ელექტროენერგიის აღდგენა მოითხოვეს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ ელექტროენერგია არ აღუდგებათ, ბავშვებთან ერთად გზაზე დაწვებიან და გადაკეტავენ.
“ლტოლვილთა სამინისტროს არაერთხელ მივმართეთ, მაგრამ გვეუბნებიან, რომ ჩვენ არა კომპაქტურად ჩასახლებულები, არამედ “შეჭრილი” დევნილები ვართ. დასაკარგი არაფერი გვაქვს, ბავშვებთან ერთად გზას გადავკეტავთ, იქნებ, მაშინ მაინც მოგვაქციონ ყურადღება და მოგვხედონ ჩვენმა ჰალსტუხიანმა, მატყუარა მინისტრებმა”, _ განაცხადეს იძულებით გადაადგილებულმა პირებმა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელ ირაკლი ქოჩუას განცხადებით, ის პრობლემის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა, საკითხის გადაწყვეტა “ენერგო-პრო ჯორჯიას” კომპეტენციაა.
“რამდენჯერმე მივმართეთ ამ უწყებას. ეს ობიექტი, როგორც კომპაქტური ჩასახლება, არ არსებობს. ისინი ე.წ. შეჭრილები არიან. “ენერგო-პრო” არ ითვალისწინებს ჩვენს თხოვნას კანონის გარკვეული მუხლებით”, _ თქვა ირაკლი ქოჩუამ.
“ენერგო- პრო ჯორჯიაში” კი აცხადებენ, რომ ობიექტი, სადაც ამჟამად დევნილები ცხოვრობენ, მათთან ბაზაში როგორც კომპაქტური ჩასახლება, არ არის რეგისტრირებული და როგორც თვითნებურად შეჭრილები უკანონოდ მოიხმარდნენ ელექტროენერგიას, რის გამოც მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.