გთავაზობთ ამ წერილს უცვლელად: “გვინდა თქვენი ყურადღება მივაპყროთ ვითარებას, რომელიც შეიქმნა საპრეზიდენტო არჩევნების წინ; სატელევიზიო სივრცეში ხელოვნურად იქმნება არათანაბარი პირობები საპრეზიდენტო კანდიდატებისათვის. კოჰაბიტაცია, რომლის დასრულებასაც “ქართული ოცნება”, ახლა უკვე 27 ოქტომბერს გვპირდება, სამწუხაროდ, სახელისუფლებო ორი საპრეზიდენტო კანდიდატის უპირატეს პირობებში ჩაყენებითაც თვალნათლივ ჩანს.
რიგის კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი “მე-9 არხის” დახურვა ასე დაასაბუთა: “წინაასაარჩევნოდ უარი ვთქვი ტელევიზიაზე, რადგან მინდოდა თანაბარ პირობებში ყოფილიყო ყველა პრეზიდენტობის კანდიდატი, მათ შორის ჩვენი კოალიციის კანდიდატიც.” აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მე-9 არხს ნამდვილად ვერ დავადანაშაულებთ დაუბალანსებელი ინფორმაციის გავრცელებასა და ტენდენციურობაში.
სახელისუფლებო პოლიტიკური ძალები, რომლებიც ისედაც, რბილად რომ ვთქვათ, არ განიცდიან ფინანსებისა და ე.წ. შემოწირულობების სიმწირეს, ხოლო ბოლო დროს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით კი პრაქტიკულად გაიოთხმაგეს შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დამატებით სარგებლობენ უფასო სარეკლამო დროით ტელევიზიებში. ამ ფონზე საპრეზიდენტო კანდიდატ ნინო ბურჯანაძეს საკუთარი ხმის მისაწვდენად საქართველოს მოსახლეობისათვის, წუთში რამდენიმე ათასი დოლარის გადახდა მოუწევს, რაც პრაქტიკულად წარმოუდგენელია.
იმ ვითარებაში, როდესაც ორი სახელისუფლებო პარტია სრულად აკონტროლებს საარჩევნო კომისიებს, ბიუჯეტიდან ჰყავთ დაფინანსებული 22 ათასი დამკვირვებელი, რაც პრაქტიკულად მთელი არმიაა, ერთ შემთხვევაში _ მინისტრები, ხოლო მეორე შემთხვევაში _ გამგებლები ჩართულები არიან მათ წინასაარჩევნო კამპანიებში, წარმოუდგენელია საუბარი თანაბარ და სამართლიან წინასაარჩევნო გარემოზე.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მუდმივად აღვნიშნავთ და პოზიტიურად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ 1 ოქტომბრის შემდეგ, ნამდვილად მოიხსნა ქვეყანაში შიში და ტერორი ვსვამთ კითხვას: განა არის ეს სამართლიანი არჩევნებისათვის საკმარისი?
კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალმა პარტიებმა, რომლებიც თავის დროზე სააკაშვილის ხელისუფლებას სთხოვდნენ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ყველასათვის ცნობილი რვიანის, ხოლო შემდეგ ექვსიანის ფორმატში, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არაფერი გააკეთეს მაშინდელი თავიანთივე მოთხოვნების ასასრულებლად.
ახლა ვინ გიშლით ხელს, ბატონებო, რომ წლების მანძილზე თქვენივე შემუშავებული მოთხოვნები შეიყვანოთ ძალაში, რომ ქვეყანაში მართლაც ჩატარდეს დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები? თუ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაგავიწყდათ, რომ საარჩევნო სიები გამოსასწორებელია, ე.წ. მოგელაძის კანონი ისევ მოქმედებს, და ა. შ.
ბატონებო! მოგიწოდებთ უახლოეს დღეებში მიიღოთ სამართლიანი შესწორებები საარჩევნო კოდექსში, რათა ყველა კანდიდატს მართლაც თანაბარი პირობები ჰქონდეს, ხოლო რაც შეეხება ჩვენს საპრეზიდენტო კანდიდატს ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს, ნებისმიერ შემთხვევაში, პირველი ტური იქნება ეს თუ მეორე მაინც გაიმარჯვებს. გაიმარჯვებს იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნებულია იმაში, რომ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ნინო ბურჯანაძე მართლა დაამკვიდრებს სამართლიანობას ყველგან და ყველასათვის!” _ ნათქვამია ღია წერილში.