ამის შესახებ მან გადაცემა “ღია ეთერში” განაცხადა.
“ამ დროისათვის მიმდინარეობს 7 საცხოვრებელი კორპუსის დასრულება თბილისში, ეს დაახლოებით 894 ბინაა და სამი კორპუსი სრულდება გორში, რომელიც 87 ბინას მისცემს ჩვენს სამხედროებს. პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცების ოჯახები და ის სამხედროები, რომლებსაც ეს ბინები ეკუთვნით კანონით. ჩვენ, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, არავის არ ვაყენებთ პრივილეგირებულ მდგომარეობაში. ისევე როგორც ოჯახში ყველა ბავშვი არის საყვარელი, ასევე ჯარშიც არ შეიძლება გამოყო ჯარისკაცი. აქედან გამომდინარე, როდესაც დასრულდება ბინები, დაახლოებით ერთ თვეში ან თვენახევარში, ისინი გადაეცემა სამხედროებს.”
ირაკლი ალასანია პრეზიდენტის მიერ ვიცეპოლკოვნიკ ალექსანდრე ტუღუშთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ სააკაშვილმა დაჭრილი სამხედრო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა.
“როდესაც პოლიტიკურ თავდასხმებს აწარმოებს ოპოზიცია და მათი ლიდერი, ამ შემთხვევაში, ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის, რომ სამხედრო მოსამსახურეები არავითარ შემთხვევაში არ ჩავაბათ ამ დისკუსიებში, იმიტომ რომ შეიარაღებული ძალები არის ყველასი _ ჩვენი ერის სიამაყეა. ჩემთვის ყველაზე გულდასაწყვეტი ის იყო, რომ პოლიტიკურ თავდასხმებში გამოიყენეს ჩვენი დაჭრილი ჯარისკაცი,” _ განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.