თეა წულუკიანი ამბობს, რომ ამ ეტაპზე შეთანხმება ასამდე საქმეზე მიმდინარეობს, რომლებიც სტრასბურგის სასამართლომ და იუსტიციის სამინისტრომ ერთობლივად შეარჩიეს.
უფლებადამცველების კითხვები ძირითადად საქმეთა შერჩევის კრიტერიუმს უკავშირდება, როგორ, რა ნიშნით ხდება საქმეების შერჩევა და რატომ არ არის პრიორიტეტი საქმის რეზონანსულობა ან სიმძიმე.
“პირველი ეტაპისათვის ასამდე საქმეა, რომელიც ჩვენ სტრასბურგის სასამართლოსთან ერთად შევარჩიეთ. გამოგვიგზავნეს სია მას შემდეგ, რაც უპრეცედენტო შემთხვევის მოწმენი გახდნენ _ სახელმწიფო მოვიდა და თავად შესთავაზა, მითხარით, სად მაქვს აშკარა დარღვევები, რომ მე თავად მოვაგვარო ეს პრობლემაო. მათთვის ეს იყო სიახლე. იმუშავეს და შემოგვთავაზეს ასამდე საქმე, რომელიც მათი გადასახედიდან პირველ რიგში უნდა მორიგდეს. მათ შორის არ არის ის საქმე, რომელზეც თქვენს მიერ ნახსენები უფლებადამცველი ჩიოდა, რადგან ის საქმე არის ძალიან კომპლექსური და არ გულისხმობს მარტივად მორიგების შესაძლებლობას. ის საქმეები, რაც გამოგვეგზავნა, ნახევარზე მეტი უკვე მორიგებულია, ნაწილი კი გაგზავნილია და ჯერ დამტკიცებული არ არის. რაც შეეხება თანხებს, ის პრაქტიკულად გაიცემა მაშინვე, როცა მორიგებას გვიმტკიცებენ, ამიტომ მე პირადად მესმის, რომ ერთი რომელიმე ადვოკატი 2900 საქმიდან ერთ-ერთზე იყოს უკმაყოფილო, მაგრამ ერთი ადვოკატის უკმაყოფილება არ ასახავს დანარჩენ რამდენიმე ათეულ საქმეზე სხვა ადვოკატების კმაყოფილებას. ეს პროცესი კარგად მიდის და მე ვიცი, რომ სტრასბურგის სასამართლო სხვა სახელმწიფოებსაც ურჩევს, რომ ჩვენი მაგალითი გადაიღონ,” _ განაცხადა თეა წულუკიანმა “გურია ნიუსთან.”
საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე პერიოდულად ქვეყნდება პრემიერ მინისტრის ბრძანებები “წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის თანხის გამოყოფის თაობაზე”. სახელმწიფოსთან მორიგების შემდეგ თითქმის ყველა მომჩივანი სტანდარტულ 5 625 ევროს ექვივალენტ ლარს იღებს.
სტრასბურგის სასამართლოს ქართული საქმეებისაგან გათავისუფლების იდეა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ეკუთვნის.
“დღეს სასამართლოს აქვს 700 დასაბუთებული ქართული საქმე. ამდენივეა, ერთი შეხედვით, დაუსაბუთებელი საქმეებიც. 700 დასაბუთებული საქმე არის ძალიან ბევრი საქართველოსთვის. მაგალითისთვის, საფრანგეთს აქვს 60 დასაბუთებული საქმე. ჩვენი მიზანია, განვტვირთოთ ევროპული სასამართლო ქართული საჩივრებისგან და კულტურად დავამკვიდროთ ის, რომ ადამიანის უფლებები გვარდებოდეს ქვეყნის შიგნით და ადამიანებს არ უწევდეთ საზღვარგარეთ ამტკიცონ საკუთარი სიმართლე,” _ ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა გასული წლის ნოემბერში გააკეთა და მას შემდეგ, როგორც თავად ამბობს, მორიგების პროცესი ათობით მომჩივანთან წარმატებით მიმდინარეობს.