“ჩვენ ნამდვილად მივაღწევთ წარმატებას, რადგან საქართველოს ძალიან კარგი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, საიდანაც ბიზნესის წარმოება ჩვენთვის საკმაოდ იოლია. ამასთანავე, ბიზნესგარემო, რომელიც შექმნილია საქართველოში, ინვესტორისთვის ხელსაყრელია, რადგან ხელისუფლების მხრიდან კეთილგანწყობა იგრძნობა.” _ განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ვოლფრამ სინგერ ვაისმა.
“გებრიუდერ ვაისის” ტერმინალები მსოფლიოს 162 წერტილშია წარმოდგენილი. კომპანიის გენერალური დირექტორის – ალექსანდრე ხარლამოვის განცხადებით, ახალი ობიექტი კავკასიის რეგიონში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდება და კავკასიისა და აზია-ევროპის ბაზრებს ერთმანეთთან დააკავშირებს. “ჩვენ მზად ვართ ვემსახუროთ ჩვენს პარტნიორებს! ჩვენ მზად ვართ ვემსახუროთ საქართველოს! ჩვენ მზად ვართ ვემსახუროთ ევროპას და აზიას!” _ განაცხადა მან.
ავსტრიული კომპანია სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ტვირთების გადაზიდვას და სხვა ლოგისტიკური სერვისებით მომსახურებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია ისიც, რომ გებრიუდერ ვაისი 5 საუკუნის განმავლობაში ვაისების ოჯახის საკუთრებაშია. კომპანიის ბრუნვა მილიარდ ევროს აჭარბებს და ევროპის წამყვან სატრანსპორტო და ლოგისტიკურ კომპანიათა შორის ლიდერის პოზიციებზეა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ავსტრიულ კომპანიას წარმატებები უსურვა.
“სიხარულით შევხვდით პრემიუმ კლასის ლოგისტიკური ცენტრის გახსნას. “გებრიუდერ ვაისი” მსოფლიოში ცნობილი უძველესი ისტორიის მქონე ევროპული კომპანიაა, რომელსაც (აშშ-ში, იაპონიაში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და ა.შ.) 162 ფილიალი აქვს. მან კავკასიის რეგიონის ცენტრად საქართველო აირჩია, სადაც დაიწყო საქმიანობა, რაც მისასალმებელი ფაქტია. ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალიდან გამომდინარე, ლოგისტიკური და მთლიანად სატრანსპორტო სექტორი საკმაოდ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონეა. შავი ზღვის და საქართველოს გავლით სხვა ქვეყნები ერთმანეთს, ასევე ევროპას უკავშირდებიან, ამიტომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ტერმინალის მშენებლობა 2012 წლის დეკემბერში დაიწყო და 7 თვის თავზე დათქმულ ვადებში დასრულდა. ახალი ლოგისტიკური ცენტრი უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს. “გებრიუდერ ვაისი” ქართულ ბაზარზე 2012 წლის ივნისში შემოვიდა და მის პარტნიორს ამიერკავკასიაში კომპანია “თეგეტა მოტორსი” წარმოადგენს.