(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 1150 სკოლამ წელს პირველად მიიღო მონაწილეობა სკოლბურთში. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, “სკოლბურთის” მიზანი ფეხბურთის პოპულარიზაცია და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვაა. მისი ორგანიზატორები არიან: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო და “საქართველოს ეზოს ფეხბურთის ასოციაცია”.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პირველობა არავის დაუთმო პირველმა საჯარო სკოლამ _ მათ ჯერ ბუკნარის საჯარო სკოლა დაამარცხეს 4:3, შემდეგ ქვაბღის საჯარო სკოლა _ 4:1. შემდეგი იყო ხევის საჯარო სკოლასთან მიღწეული წარმატება _ 4:0. პირველ სკოლელებმა ასეთივე ანგარიშით დაამარცხეს ფინალში სამრევლო სკოლა და რაიონის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.
ჩოხატაურის ჩემპიონები 2 ივნისს გურიის პირველობაზე ოზურგეთის ჩემპიონს, მეოთხე საჯარო სკოლას დაუპირისპირდნენ და გაიმარჯვეს კიდეც, თუმცა, ფინალურ მატჩში ლანჩხუთის პირველ საჯარო სკოლასთან დამარცხდნენ.