მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ბარაკ ობამა მიხეილ სააკაშვილის სამომავლო გეგმებით დაინტერესდა.
“თქვენ ძალიან მნიშვნელოვან მემკვიდრეობას ტოვებთ დემოკრატიული, რეფორმირებული საქართველოს სახით. რა გეგმები გაქვთ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ”, – მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა სააკაშვილს.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, პოლიტიკის გარდა, მისი სამომავლო გეგმები საგანმანათლებლო სისტემასაც უკავშირდება. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილი თბილისში საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გახსნას ვგეგმავ. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნული იდეა მოიწონა და განაცხადა, რომ ის მისასალმებელია.
“დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ რუსეთში ვიზიტისას პრინციპული პოზიცია დაიკავეთ. ახლა ძალიან სარისკო პერიოდში ვართ. საბოლოოდ სიტუაცია აუცილებლად გამოსწორდება, მაგრამ თქვენივე სიტყვების პერეფრაზი რომ გავაკეთო, გაუმჯობესებამდე შეიძლება ძალიან გაუარესდეს. ასევე, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც საქართველოსთვის გააკეთეთ და გთხოვთ, ყურადღება არ მოადუნოთ”, – მიმართა სააკაშვილმა ობამას.
საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში გაეროს გენერალური ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობს, სადაც სიტყვითაც გამოვა.