თანამედროვე სტანდარტების ტრენინგ–ცენტრში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები და მეოთხე კურსის სტუდენტები (საქართველოს მასშტაბით მხოლოდ აღნიშნულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მზადდებიან ენერგეტიკის სფეროს სპეციალისტები) ერთწლიან სპეციალურ გადამზადებას გაივლიან და პრაქტიკულ სამუშაოებს შეასრულებენ.
ცენტრის გახსნის აუცილებლობა ენერგეტიკის სფეროში კვალიფიციური კადრების დეფიციტმა განაპირობა. სასწავლო ცენტრში სწავლება მაღალ დონეზეა ორგანიზებული და მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კომპონენტებს. პირები, რომლებიც ცენტრში გადამზადდებიან პრაქტიკას ისეთ გარემოში გაივლიან, რომელშიც შემდგომ მოუწევთ მუშაობა.
ცენტრის მიერ გადამზადებული უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე, მოტივირებული კადრები ენერგეტიკის სფეროში დასაქმდებიან. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ კი, წარჩინებულ კურსდამთავრებულებს თავის კომპანიაში დაასაქმებს.
ღონისძიების ფარგლებში, თამარ სანიკიძემ და კახა კალაძემ სტაჟირების პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს.