გიორგი მარგველაშვილი ფასანაურში ადგილობრივ მოსახლეობას “ქართული ოცნების” მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ტრიპოლსკიმ და რეგიონალური განვითარების მინისტრმა დავით ნარმანიამ წარუდგინეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მსახიობები გივი ბერიკაშვილი და კახი კავსაძე.
გიორგი მარგველაშვილმა ფასანაურში შეკრებილი მოსახლეობისგან პრობლემები მოისმინა და მათ საპრეზიდენტო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.
ადგილობრივ მოსახლეობას ძირითადად სასმელი წყლის, ბუნებრივი აირის და გზის პრობლემები აწუხებთ. გიორგი მარგველაშვილმა მაღალმთიანი რეგიონის მაცხოვრებლებს დაპირდა, რომ მის საპრეზიდენტო ვადაში მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკის გაძლიერება იქნება. ქვეყანაში ახალი ინვესტიციები შემოვა 2014 წლიდან და გაგრძელდება იმ პრობლემების მოგვარება, რაც მთავრობას უკვე დაწყებული აქვს.
რეგიონალური განვითარების მინისტრმა შეკრებილ საზოგადოებას აცნობა, რომ 2014 წლიდან ფასანაურის შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყება. ფასანაურის მოსახლეობასთან შეხვედრაზე ირაკლი ტრიპოლსკიმ აღნიშნა, რომ დაწყებულია წყლის გაწმენდითი სამუშაოები, ასევე იგეგმება პეპსი-კოლას ჩამოსასხმელი ქარხნის მშენებლობა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას დაასაქმებს.
გიორგი მარგველაშვილმა ქვეყანაში ემიგრანტების დაბრუნების აუცილებლობაზეც ისაუბრა, ასევე მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ადამიანების როლზეც გააკეთა აქცენტი: “სამწუხაროდ ბევრი ჩვენი თანამემამულე წასულია ქვეყნიდან, გაყოფილია ოჯახები, საქართველოს ეკონომიკა დამოკიდებულია ჩვენს ემიგრანტებზე. ამიტომ უნდა შევქმნათ პირობები რომ დავაბრუნოთ ჩვენი მოქალაქეები. ასევე უნდა დავიცვათ ის ადამიანები, ვინც მთაში ცხოვრობთ, თქვენ აქ ყოფნით ამაგრებთ სახელმწიფოს და თქვენ გაფრთხილება გჭირდებათ!”
გიორგი მარგველაშვილი ამომრჩევლებს ფასანაურის შემდეგ დუშეთში ხვდება.
(R)