(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის ძველ ბაზარში, თევზით მოვაჭრეებს 1 ივნისიდან ვაჭრობა აუკრძალეს, თუმცა, დაკავებული ადგილებიდან გადასვლაზე ჯერ არაფერი უთქვამთ.
_ ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ თევზის გარდა, სხვა სახის პროდუქცია გაყიდეთო, _ ამბობენ მოვაჭრეები. თუმცა, ეჭვი ეპარებათ ამ კეთილგანწყობაში და ვარაუდობენ, რომ ეს მორიგი ფანდია: _ მალე მოგვადგებიან, ალბათ, და გვეტყვიან, ახლა არც ეს გაყიდოთ და აქედან წადითო, შორს მიმავალი გეგმები აქვთ და შემპარავი მოქმედების ტაქტიკა აირჩიეს, _ ფიქრობენ მოვაჭრეები, რომელთა თქმით, წლების წინ სარჩელი მოიგეს სასამართლოში და ტერიტორიის ამ ნაწილში ვაჭრობის გაგრძელების უფლება მოიპოვეს: _ აქ ყველაფერი საკუთარი სახსრებით გვაქვს გაკეთებული და რაკი თევზის გაყიდვას არ გვანებებენ, სხვა “ტავარს” მოვიტანთ და აქედან ფეხს მაინც არ მოვიცვლით, _ ამბობენ ისინი და პასუხს მოითხოვენ ლოგიკურ კითხვაზე: თუ აქვე, 10 მეტრის დაშორებით მდებარე მაღაზიაში შეიძლება ფართი ვიქირავოთ და იქ გავყიდოთ თევზი (ასე აძალებენ), რატომ არ შეიძლება, სიგრილეში, მაცივრიდან მივართვათ მომხმარებელს თევზეული, როცა არანაირ სანიტარულ ნორმას არ ვარღვევთო?
გარემოვაჭრეთა საუბარში აქტიური გაღიზიანება შეინიშნება იმის გამო, რომ ოზურგეთში თითქმის სამსაუკუნოვანი ისტორიის მქონე აგრარული ბაზარი დაანგრიეს, როცა ქუთაისში ოთხი ასეთი ბაზარია: _ აქ რატომ არ უნდა იყოს ერთიც? ვთქვათ, კერძო პირი სირაძე ადგა და გაყიდა თავისი ბაზარი, რას უპირებენ ამდენ ხალხს, სად წაიყვანენ? _ ამ კითხვებზე მოვაჭრეებს დამაჯერებლად არავინ პასუხობს.
2 ივნისს, დილით, თევზით მოვაჭრეთა დახლები ცარიელი იყო, თუმცა, თითოეული მეპატრონე მაინც იჯდა საკუთარ “ცარიელ სუფრასთან” და მწარე ფიქრს მისცემოდა.