“ევროსაბჭოს დელეგაცია იმყოფება ჩვენთან წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში. იმისათვის, რომ გაეცნონ, თუ როგორი გარემოა წელს შარშანდელთან შდარებით . დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ხედავენ იმ ძალიან დიდ განსხვავებას, რომელიც შარშანდელ არჩევნებსა და ამჟამინდელ არჩევნებს შორის არის. მათ აინტერესებთ რეგისტრაციიდან მოხსნილი პირების საკითხი და თვითონ საარჩევნო სიის თემა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. წელს საარჩევნო გარემოს კუთხით საკრიტიკო დიდი არაფერია, რაც ქვეყნისთვის პროგრესია. ჩვენ ამაზე ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ იმისათვის, რომ მომავალი წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კიდევ უფრო კარგ გარემოში და დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარდეს“,- აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
საქართველოში სამდღიანი ვიზიტით მყოფი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაცია ორი დღეა ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. წინასაარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ევროსაბჭოდან თბილისში დეპუტატები მერიქსელ მატეუ პი, ანდრეს ჰერკელი, ჯონ ტომლინსონი, კრისტოფერ ჩოპე, ვასილი ლიხაჩევი და ბორის სილევიჩი ჩამოვიდნენ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაცია თბილისში წინასაარჩევნო მისიას ახორციელებს, რათა 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო კამპანიის მიმდინარეობის პროცესი შეაფასოს.