(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის ჰერალდიკის შესაქმნელად სპეციალური კომისია ჩამოყალიბდა: _ წინა მოწვევის საკრებულოსთან, მუნიციპალიტეტის ჰერალდიკის შექმნისთვის არსებობდა სამუშაო ჯგუფი. სამწუხაროდ, მაშინ სიმბოლიკების შემუშავება აღნიშნულმა ჯგუფმა ვერ მოასწრო, რადგან საკრებულოს უფლებამოსილების ვადა გაუვიდა. ამჟამად კომისიას აქვს უფლება, გამოაცხადოს კონკურსი მუნიციპალიტეტის სიმბოლიკების ესკიზებზე, _ თქვა აღნიშნული კომისიის თავმჯდომარე ზვიად აფხაზავამ.
_ იმის გარდა, რომ კომისიაში 16 წევრია, ასევე უფლება გვაქვს მოვიწვიოთ სპეციალისტები, _ აღნიშნა მან.
კომისიის წევრებმა კონკურსის გამოცხადების თარიღად პირველი ივლისი დაასახელეს, ხოლო პროექტის წარმოდგენის ბოლო ვადად _ 10 აგვისტო. ამას გარდა, კონკურსის ერთ-ერთი ძირითადი პირობაა ის, რომ მისი მონაწილე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. ამასთან, გამოითქვა მოსაზრება, რომ “არ უნდა შევზღუდოთ არც ერთი ნიჭიერი მოზარდი, თუ მას კარგი იდეა დაებადება”.
რაც შეეხება ჯილდოს, მისი ოდენობა საკრებულოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად დადგინდება, სადაც, ასევე, განიხილება კომისიის მიერ შემუშავებული კონკურსის დებულების პროექტი.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ ლანჩხუთის სიმბოლიკა ჯერ კიდევ წლების წინ შეიქმნა, თუმცა, ქალაქის გერბი და დროშა რატომღაც დაიწუნეს და კონკურსს უკვე მეორედ აცხადებენ.