საქართველოდან ასამბლეას, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე კერესელიძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ეკატერინე მესხიძე ესწრებიან.
ასამბლეაზე განხილული იქნება “ევროგეოგრაფიკის” მიმდინარე წლის ანგარიში, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის სამომავლო ტენდენციები, უძრავი ქონების ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებული სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხები და ა.შ.
“ევროკავშირის ქვეყნებში გეოგრაფიული სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების შესახებ” დისკუსიები მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება.
საერთაშორისო ორგანიზაცია “ევროგეოგრაფიკი” 2001 წელს, 99-წლიანი ვადით შეიქმნა და ევროპის ტოპოგრაფიის, საკადასტრო და მიწის რეგისტრაციის ორგანიზაციების ასოციაციას წარმოადგენს. დღეის მდგომარეობით, “ევროგეოგრაფიკის” წევრია 45 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რომელიც ორგანიზაციის სრული წევრი 2010 წელს გახდა. სწორედ ამ დროიდან დაიწყო მუშაობა საქართველოს ტერიტორიულ-სივრცული მონაცემების (გეოგრაფიული, ტოპოგრაფიული, საკადასტრო და მიწასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცი) ევროპის ერთიან ინტერნეტ რუკაზე განსათავსებლად.
ასამბლეა 3 ოქტომბერს დასრულდება.