უსუფაშვილის განცხადებით, კოალიცია “ქართული ოცნება” ერთიანობას არჩევნების შემდეგაც შეინარჩუნებს. შეხვედრებზე საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ასევე შეეხო 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ობიექტურად ჩატარებისათვის მზადების საკითხს. მან ასევე ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და ოკუპანტთა მიერ აგებული მავთულხლართების შესახებ.
შეხვედრაზე ვოიცეკ სავიცკიმ პოზიტიურად შეაფასა სამართლებრივ საკითხებში და ზოგადად საქართველოში არსებულ ვითარებაზე საქართველოს მთავრობის კონსულტანტის, თომას ჰამერბერგის ანგარიში “საქართველო გარადამავალ პერიოდში”, რომელშიც ასახულია ადამიანთა უფლებების მდგომარეობა საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
დეტალურად ისაუბრეს ანგარიშში წარმოდგენილ იმ საკითხებზე, რომლებზეც ხელისუფლებამ სამომავლოდ უნდა გაამახვილოს ყურადღება, ესაა სხვადასხვა სახის უმცირესობების პრობლემების შესწავლა.
აღინიშნა, რომ ევროსაბჭო გააგრძელებს მაღალი თანამდებობის პირებისადმი აღძრულ საქმეებზე დაკვირვებას. შეხვედრებზე დადებითად შეფასდა ახალი ხელისუფლების მიერ დაგეგმილი მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც თომას ჰამერბერგის ანგარიშშიც არის ასახული.
შეხვედრებში საქართველოს დელეგაციიდან პარლამენტის წევრები თედო ჯაფარიძე, ირაკლი ჩიქოვანი და გიორგიკანდელაკი მონაწილეობდნენ.