“დღეს სასამართლომ კიდევ ერთხელ მიიღო მართებული გადაწყვეტილება და ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს განჩინება. ის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მოხდა “ქართული ფოლადის” გასხვისება ბათილად იქნა ცნობილი. ეს ჩვენი კიდევ ერთხელ დიდი გამარჯვებაა. ჩვენი სამართლებრივი ბრძოლა ნელ-ნელა წინ მიიწევს. ბევრი სკეპტიკოსის კითხვას პასუხი ამით გაეცა.
იმედი მაქვს ნათელი მოეფინება 24 ივნისს ნუცუბიძის ქუჩაზე “ქართული ფოლადის” ოფისის აფეთქებასაც, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.” _ აცხადებს ნათია ჯაყელი “გურია ნიუსთან” საუბრისას.
2011 წლის ზაფხულში პატარკაციშვილის ოჯახსა და საქართველოს მაშინდელი მთავრობის შეთანხმების შედეგად, “ქართულ ფოლადს”, რომლის მფლობელი ბიზნესმენი ჯოზეფ ქეი გახლავთ, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ჩამოერთვა და პატარკაციშვილების ოჯახს გადაეცა.
2005 წელს ბადრი პატარკაციშვილმა შეიძინა რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, რომელიც შემდეგ ჯოზეფ ქეის საკუთრება გახდა. 2010 წელს გიბრალტარის უმაღლესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჯოზეფ კეის მოთხოვნა რუსთავის საკუთრებასთან დაკავშირებით, 2010 წელს პატარკაციშვილების ოჯახმა წამოიწყო საერთაშორისო არბიტრაჟი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ კომპენსაციის მოთხოვნით.
თავის მხრივ, ს.ს. “ქართული ფოლადი”-ს დირექტორი, ნათია ჯაყელი ითხოვდა ბათილად ცნობილიყო ს.ს. “ქართული ფოლადსა” და შ.პ.ს. “რუსთავის ფოლადს” შორის 2011 წლის 27 დეკემბერს დადებული აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულება, აღდგენილიყო პირვანდელი მდგომარეობა და აღნიშნული გარიგებით შ.პ.ს. “რუსთავის ფოლადისათვის” გადაცემული უძრავ-მოძრავი ქონება დაბრუნებოდა ს.ს. “ქართული ფოლადს”. ამასთან, მოპასუხეებს ს.ს. “ქართული ფოლადი”-ს სასარგებლოდ დაკისრებოდათ ზიანის ანაზღაურების სახით 7 780 000 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, “ქართული ფოლადი”-ს დირექტორის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ს.ს. “ქართული ფოლადს” და შ.პ.ს. “რუსთავის ფოლადს” შორის 2011 წლის 27 დეკემბერს დადებული აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულება. ამასთან, აღდგენილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა და აღნიშნული ხელშეკრულებით შ.პ.ს. “რუსთავის ფოლადისათვის” გადაცემული ქონება საკუთრებაში დაუბრუნდა ს.ს. “ქართული ფოლადს”. ხოლო “ქართული ფოლადის” სარჩელი ირაკლი მეძმარიაშვილის და მალხაზ ალბორაშვილის მიმართ 7 780 000 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
“ქართული ფოლადის” დირექტორი, ნათია ჯაყელი მიიჩნევს, რომ სამართლიანობის აღდგენისათვის ბრძოლის გზაზე პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვებაა მიღწეულია. ჯაყელი დარწმუნებულია, რომ ის ადამიანები, რომელთაც უკანონო გარიგებებით მარტო სახელმწიფო ბიუჯეტი 39 მილიონი ლარით აზარალეს, კანონის შესაბამისად პასუხს აგებენ.
როგორც ნათია ჯაყელი აცხადებს, 2011 წლის 6 ივლისს მიხეილ სააკაშვილსა და ინა გუდავაძეს შორის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, “ქართული ფოლადის” მენეჯმენტს იძულებით დაატოვებინეს ქარხანა, ხოლო თავად საწარმოს აქტივები ხელოვნური გაკოტრებისა და უკანონო გარიგებებით გადაეცა სახელდახელოდ შექმნილ შპს “რუსთავის ფოლადს”, რომლის მეპატრონე რეალურად ინა გუდავაძეა. მისივე თქმით, ქარხანაში ჯარი შეიყვანეს და ქონება ისე გაიტანეს.
საპარლამენტო არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” დამარცხების შემდეგ, “ქართულმა ფოლადმა” უფლებების აღსადგენად სასამართლოს მიმართა, რომელმაც ბათილად და არაკანონიერად სცნო შპს “რუსთავის ფოლადისათვის” მეტალურგიული ქარხნის აქტივების გადაცემა და ქონება “ქართული ფოლადს” დაუბრუნა.
“იქნებ, უმჯობესია, საქმის განხილვისას რაიმე არგუმენტი წარმოადგინონ. კიდევ ერთხელ კატეგორიულად მოვითხოვ – ინა გუდავაძემ და შპს “რუსთავის ფოლადის” წარმომადგენლებმა განუმარტონ საზოგადოებას – 1. რა ქონებაში გაუცვალეს ტელეკომპანია “იმედი” მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას და რა გარიგებას მოაწერა ხელი ინა გუდავაძემ და მიხეილ სააკაშვილმა 2011 წლის 6 ივლისს? 2. წინა ხელისუფლების მხარდაჭერით, წიდის ამორალური გადაყიდვით როგორ მოიპარეს საქართველოს ბიუჯეტიდან 39 მილიონი ლარი? 3. როდემდე უნდა აშანტაჟოს ინა გუდავაძემ და მისმა გუნდმა ქართული სახელმწიფო, სასამართლო და საზოგადოება?!” – აცხადებს “ქართული ფოლადის” სახელით ნათია ჯაყელი.
შპს “რუსთავის ფოლადს” კი თავისი არგუმენტები ჰქონდა და ამასთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, განცხადებაც გაავრცელეს, სადაც ნათქვამი იყო: “2008-2011 წლების განმავლობაში, ჯოზეფ კეიმ, სააკაშვილის მთავრობის მხარდაჭერითა და მფარველობით, მოიპოვა კონტროლი ქარხანაზე და გაანადგურა ძირითადი წარმოების საამქროები, რომლებიც დაიშალა და ჯართად გაიყიდა. მან ქარხნიდან მილიონობით დოლარი გაიტანა საკუთარ ანგარიშებზე და რამოდენიმე ათეული მილიონი დოლარის ვალი დაუტოვა ქარხანას. 2011 წლის ივლისში სს ქართული ფოლადი გაკოტრების ზღვარზე აღმოჩნდა და ჯოზეფ ქეი წავიდა საქართველოდან. ქარხნის მომავლის გადარჩენის მიზნით, აქტივების შეძენისა და ვალდებულებების დაფარვის გზით ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა დამატებითი მნიშვნელოვანი ფინანსური ვალდებულება იკისრა. აქტივების შეძენა დამტკიცებული იყო ქართული ფოლადის კრედიტორთა მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარე გადახდისუუნარობის პროცესის ფარგლებში.
ამჟამად ჯოზეფ ქეი ცდილობს მეორედ მიისაკუთროს რუსთავის მეტალურგიული ქარხანა და აკეთებს ამას სწორედ იმ კომპანიის გამოყენებით, რომელიც 2009 წელს მოპარა მფლობელს.”
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც “ქართულ ფოლადს” უკავშირდება 2013 წლის 25 ივნისს მომხდარი აფეთქება იყო.
ჯოზეფ ქეის ადვოკატი ემზარ პაქსაძე “გურია ნიუსთან” მაშინ პატარკაციშვილების ოჯახის მხრიდან განხორციელებულ შესაძლო შურისძიებაზე საუბრობდა. აფეთქებული ბინა ქეის კუთვნილ კომპანია “ქართულ ფოლადს” ჰქონდა დაქირავებული.
“სახლის პატრონის განცხადებით, აფეთქებამდე გაზი დიდი ხნის ჩახსნილი ჰქონდა; შესაბამისად, ოფიციალური ვერსია, რომ აფეთქება ბუნებრვი აირის გაჟონვამ გამოიწვია, ეჭვს ბადებს. ეჭვის სხვა საბაბი ამ დრომდე არ გვაქვს, შემთხვევის ადგილზე არავინ დაგვინახავს,”_ ამბობს “გურია ნიუსთან” ქეის ადვოკატი.
“გურია ნიუსის” კითხვაზე, _ რატომ ფიქრობთ, რომ აფეთქების უკან, შესაძლოა, პატარკაციშვილების ოჯახის ინტერესი იდგეს? _ ადვოკატმა განაცხადა.
_ ის, რაც მათ გააკეთეს, არ გამორიცხავს ისეთ მოქმედებას, რაც სამწუხაროდ, ადამიანის გარდაცვალებით დამთავრდა. მოკლედ, საუბარია იმაზე, რომ მხარე, რომელმაც ყველაფერი გააკეთა თავისი ინტერესების დასაცავად, წამსვლელია ისეთ ნაბიჯზეც, რასაც შეიძლება ფატალური შედეგები მოყვეს. პატარკაციშვილის ოჯახზე ეჭვი ჩემმა მარწმუნებელმა გამოთქვა და გამოძიება ამ ვერსიაზე როგორც ერთ-ერთზე მუშაობს.
ინა გუდავაძესთან და მის ოჯახთან დაკავშირება კვლავ ვერ მოვახერხეთ. “გურია ნიუსი” მზად არის გამოაქვეყნოს მეორე მხარის პოზიცია და მოსაზრებები დღევანდელ სასამართლო პროცესთან და ქეის მხარის ბრალდებასთან დაკავშირებით.