“საქართველოს ყველა მასწავლებელს ვულოცავ მასწავლებლის დღეს, ვუსურვებ წარმატებას და წინსვლას.
მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო, საპასუხისმგებლო და ღირსეული პროფესიაა. მას მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ მასწავლებლის პროფესია დაფასდეს, ჩვენმა მოსწავლეებმა კი საუკეთესო შედეგებს მიაღწიონ.
გვჯერა, რომ სახელმწიფოს წარმატება თუ წარუმატებლობა განათლების ხარისხზეა დამოკიდებული. ქვეყნის მომავალი საკლასო ოთახიდან იწყება, ამიტომ მასწავლებლის როლი განუზომლად დიდია. ჩვენ ერთად უნდა დავძლიოთ პრობლემები და ვეცადოთ, მომავალი უკეთესი გვქონდეს. ჩვენ ამას შევძლებთ,” _ ამ სიტყვებით მიულოცა პროფესიული დღესასწაული განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მასწავლებლის სახლში შეკრებილ სტუმრებს და სრულიად საქართველოს ყველა მასწავლებელს.
მასწავლებლის დღე მიულოცა პედაგოგებს სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა.
საზეიმო მიღების ფარგლებში მხატვარ ნინო ჩაკვეტაძის ნამუშევრების გამოფენაც გაიმართა.