მარტვილის მუნიციპალიტეტში, კურორტ ლებარდედან სამ კილომეტრში არსებულ საზაფხულო საძოვრებზე მწყემსებს დაახლოებით 500 სული მსხვილფეხა საქონელი ჰყავდათ წაყვანილი. თუმცა, ზამთრის ნაადრევად დადგომის გამო, მათ სახლში დაბრუნება დროულად ვერ შეძლეს.
ბოლო პერიოდში ხშირი წვიმებისა და თოვის გამო ადიდებულ მდინარე ტეხურაზე მწყემსებმა გადმოსვლა ვერ მოახერხეს.
“რამდენიმე დღის განმავლობაში თვითონ ცდილობდნენ გადმოსვლას, მაგრამ მდინარე იმდენად ადიდებული იყო, ვერ მოახერხეს. ამასობაში საკვების მარაგიც ამოეწურათ და შემდეგ უკვე ჩვენ დაგვიკავშირდნენ. აქედან სამაშველო ჯგუფი წავიყვანეთ, ადგილზე სოფლის მოსახლეობის მობილიზაციაც მოხდა. სამაშველო ჯგუფმა ადიდებული მდინარის ვიწრო კალაპოტი შეარჩია და ხის მორებით საცალფეხო ხიდი გადო. პირველ ეტაპზე მწყემსებს საკვები მივაწოდეთ და შემდეგ ნელ-ნელა საქონელიც გადმოვიყვანეთ,” _ ამბობს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა დანელია.
ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ სამაშველო სამუშაოების დროს მცირე ინცინდენტიც მოხდა.
“ეს ძალიან სახიფათო სამუშაო იყო. ჩვენი სამაშველო ჯგუფისთვის უჩვეულო იყო მდინარეზე ხეების გადება. სამაშველო სამსახურის უფროსი როლანდ გაგუა ადიდებულ ტეხურში ჩავარდა. ძალიან ცუდი ამინდი იყო – წვიმა თქეშით მოდიოდა, მდინარეც ადიდებული იყო, ხიდის გადების დროს სველ ხეზე ფეხი აუცურდა და მდინარეში ჩავარდა. წყალმა გაიტაცა, მერე თოკს ჩაეჭიდა და ასე გამოიყვანეს. საბედნიეროდ, ყველაფერი დანაკარგის გარეშე დასრულდა. თუმცა, შეიძლებოდა რთული შედეგიც გვქონოდა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მართლაც თავდადება გამოიჩინეს,” _ უთხრა დანელიამ “გურია ნიუსს”.